ვაწაძე ''დინამოდან'' უცხოეთში წავიდა
Aa
Aa

ვაწაძე ''დინამოდან'' უცხოეთში წავიდა

დანიური ''ორჰუსის'' ყოფილმა ფორვარდმა მათე ვაწაძემ თბილისის ''დინამო'' დატოვა და კარიერას ლატვიურ ''ლიეპაიაში'' გააგრძელებს. crystalsport-ის ინფორმაციით 30 წლის თავდამსხმელმა კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.

2018 წლის სეზონში ''ლიეპაია'' ლატვიის ჩემპიონატში მე-4 ადგილზე გავიდა. კლუბის პრეზიდენტი წარსულში ცნობილი ლატვიელი ფეხბურთელი მარის ვერპაკოვსკისია.

დანიის სუპერლიგის 2017-18 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ვაწაძე ''სილკებორგს'' დაემშვიდობა და 2018 წლის დეკემბრამდე თბილისის ''დინამოსთან'' გააფორმა ხელშეკრულება. გამოცდილმა ფეხბურთელმა თბილისური კლუბის მაისურით ეროვნული ლიგის 12 მატჩში 2 გოლი შეაგდო და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. მოთამაშემ მოედანზე 691 წუთი გაატარა და 1 ყვითელი ბარათი მიიღო.

მათე ვაწაძემ პროფესიული საფეხბურთო კარიერა სწორედ თბილისის ''დინამოში'' დაიწყო. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის გარდა გორის ''დილას,'' რუსული ''ვოლგასა'' და 3 დანიური კლუბის, ''ორჰუსის,'' ''ვიბორგისა'' და ''სილკებორგის'' ღირსებას იცავდა. ასევე 2016 წელს რამდენიმე თვე თბილისის ''ლოკომოტივში'' გაატარა.

2013-14 წლების სეზონში დანიურმა ''ორჰუსმა,'' რომლის რიგებში დავით დევდარიანი, მათე ვაწაძე და დავით სხირტლაძე ირიცხებოდნენ, სუპერლიგა დატოვა. ქართველი ფეხბურთელები კლუბს რანგით მეორე ლიგაში გაყვნენ. ვაწაძე 20 გოლით დანიის პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ''ორჰუსი'' სუპერლიგას დაუბრუნდა.

სუპერლიგაში დაბრუნების შემდეგ სეზონის პირველივე ტურში ''ორჰუსმა'' 2:1 დაამარცხა ერთ-ერთი საუკეთესო დანიური კლუბი ''ბრონდბიუ.'' აღნიშნული მატჩი ვაწაძის დანიურ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მან დუბლი შეასრულა.

''ბრონდბიუსთან'' შეხვედრაში პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. შესვენების შემდეგ ვაწაძემ გამარჯვების გოლი შეაგდო.

ვაწაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 15 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. კახა ცხადაძის მთავარი მწვრთნელობის შემდეგ ეროვნულ გუნდში არ მიუწვევიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები