მარიამ ბოლქვაძე ინდოეთში ტიტულისკენ მიიწევს!
Aa
Aa

მარიამ ბოლქვაძე ინდოეთში ტიტულისკენ მიიწევს!

ქართველი ჩოგბურთელი, მარიამ ბოლქვაძე ინდოეთის ქალაქ პუნაში იმყოფება და იქაურ 25 000-იან ტურნირში მონაწილეობს. იგი წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს და დღეს 1/2 ფინალის საგზურის მოპოვება შეძლო.

მარიამმა პირველ რაუნდში იოლად იმარჯვა, მეორე წრეში კი უკრაინელ ვალერია სტრახოვასთან მძიმე ბრძოლა გადაიტანა, თუმცა 3 სეტში მოიგო და 1/4 ფინალში ლატვიელ დიანა მარცინკევიცაზე გავიდა.

მარცინკევიცა ტურნირზე მე-4 ნომრად გახლდათ განთესილი და ქართველთან ფავორიტადაც ითვლებოდა, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ განვითარდა და ჩვენმა თანამემამულემ მეტოქეს ძალიან მარტივად - 6:2; 6:1 აჯობა.

ბოლქვაძემ 2 ეისი მოაწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 20-დან 16, ხოლო მეორეზე 20-დან 13 ქულა მოიგო. მან მოწინააღმდეგეს ბრეიკის შესრულების საშუალება არ მისცა, თავად კი მისი მოწოდება 5-ჯერ მოიგო.

20 წლის ქართველის მომდევნო მეტოქე ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ჩინელი, ლუ ძია-ძინი იქნება, რომელიც ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში 125-ე ადგილზეა. ლუ ძია-ძინი 29 წლისაა და კარიერაში 16 ტიტული აქვს მოგებული, რომელთა შორისაც ყველაზე პრესტიჟული 25 000-იანი გათამაშებებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები