ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის მფლობელი “ქუთაისი” გახდა
ლეგენდარული ქართველი კალათბურთელისა და მწვრთნელის, ოთარ ქორქიას სახელობის ტიტული “ქუთაისმა“ მოიგო, რომელმაც სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი “დინამო” 75:67 დაამარცხა.
მატჩი ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი პერიოდის შემდეგ კოტე ტუღუშის გუნდი 16:10 დაწინაურდა. მეორე მეოთხედში ვითარება არ შეცვლილა. იმერულმა კლუბმა უპირატესობა გაიმყარა და დიდი შესვენებისთვის 17 ქულით – 42:25 დაწინაურდა.
თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა, თუმცა დინამოელები არ დანებდნენ, მესამე პერიოდი 23:17 მოიგეს და გადამწყვეტ ათწუთეულში ქუთაისელებს მოსაგებად შეუტიეს. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა გუნდური თამაშის წყალობით ჩამორჩენის 4 ქულამდე აღმოფხვრა მოახერხა, თუმცა ქუთაისელებმა მალევე მიითვალეს გასამარჯვებლად აუცილებელი ქულები და სუპერთასის მოგება გაინაღდეს.
“ქუთაისს” 14 ქულითა და 11 მოხსნით ტერენს ტომპსონმა ულიდერა. 14 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა ჯონათან ლიმ, ხოლო ლევან ფაცაციამ შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. “დინამოში” 17 ქულით როჯერ დოუელი გამოირჩა. მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა.