Aa
Aa

ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" "ოკლაჰომასთან" დამარცხდა

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტმა“ წარმატებული სვლა „ოკლაჰომასთან“ დაპირისპირებაში შეწყვიტა. „პისტონსი“ „თანდერთან“ შეხვედრას 5 მატჩიანი წაუგებელი სერიით შეხვდა, თუმცა რასელ უესტბრუკის და კომპანიის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და უშანსოდ, 83-110, დამარცხდა.

„ოკლაჰომამ“ დამაჯერებლად იასპარეზა და მხოლოდ ერთი მეოთხედი დათმო, ისიც მინიმალური სხვაობით. „თანდერმა“ მიჯრით მესამე გამარჯვება მოიპოვა და დასავლეთ კონფერენციის მესამე ადგილს იკავებს.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე სტივენ ადამსი გახდა. „ოკლაჰომას“ ცენტრმა აქტივში 21 ქულა, 6 მოხსნა და 2 დაფარება ჩაიწერა. რასელ უესტბრუკმა გუნდს 18 ქულა შესძინა, ხოლო პოლ ჯორჯმა 17 ქულა და 10 მოხსნა გაიფორმა.

„დეტროიტს“ 20 ქულით ბლეიკ გრიფინმა ულიდერა. ანდრე დრამონდმა მატჩი 13 ქულით დაასრულა. რეჯი ჯექსონმა კი 10 ქულა მიითვალა.

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 14 წუთი გაატარა და ქულის დაგროვება ვერ მოახერხა. ზაზამ გუნდს 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

შეგახსენებთ, რომ დეტროიტელებს 13 მოგება და 8 მარცხი აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხე ადგილს იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები