შოკი: სერხიო რამოსმა დოპინგ ტესტი 2-ჯერ ჩააგდო?!
მსოფლიოს წამყვანი სპორტული გამოცემები რამდენიმე საათია ახალმა პოტენციურმა სკანდალმა მოიცვა, საქმე მადრიდის "რეალის" კაპიტანს, სერხიო რამოსს ეხება.
როგორც გამოცემა Football Leaks-ი წერს, "ბლანკოსის" მცველმა 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დოპინგ ტესტი ჩააგდო და ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩნდა, თუმცა ეს ამბავი არ გახმაურებულა, რამოსმა კი გაფრთხილება მიიღო.
აღნიშნული შემოწმებისას 32 წლის ვარსკვლავს ორგანიზმში პრეპარატ დექსამეტასონის კვალი აღმოაჩნდა, რაც "რეალის" სამედიცინო შტაბმა შემდეგნაირად ახსნა: მათი თქმით, ფეხბურთელს მატჩის წინა დღეს, მუხლსა და მხარზე ორი ინექცია გაუკეთდა, დექსამეტასონი კი მის ორგანიზმში სწორედ ასე მოხვდა.
ეს პრეპარატი მსოფლიოს ანტი დოპინგის სააგენტოს (wada) მიერ ბოლომდე აკრძალული არაა. როცა მას ფეხბურთელი მოიხმარს, კლუბმა შესაბამის ორგანოს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს, რაც “რეალმა” არცერთ შემთხვევაში არ გააკეთა.

მთავარი ისაა, რომ მიღებული გაფრთხილების შემდეგ, მადრიდული გრანდის კაპიტნის ორგანიზმში იგივე პრეპარატი 2018 წლის აპრილში ჩატარებული ერთ-ერთი ტესტისასაც დააფიქსირეს.
აღსანიშნავია, რომ რამოსმა ტესტისთვის თავის არიდება სცადა, რის მიზეზადაც შხაპის მიღება დაასახელა. ესპანელ ფეხბურთელს ტესტის გავლა მაინც მოუწია და მისთვის არასასურველი შედეგი უკვე მეორედ მიიღო.
როგორც პირველი ჩაგდებული ტესტის შემდეგ, რამოსმა შესაბამის ორგანოს წერილობით მიმართა და ბოდიში მოუხადა, რაც საკმარისი გახდა, რომ იგი არ დაესაჯათ.
ჯერჯერობით აღნიშნული ინფორმაცია შესაბამისი ორგანოების მიერ არ დასტურდება, პასუხის მისაღებად, რამდენიმე საათი ან რამდენიმე დღე ლოდინი მოგვიწევს.
მადრიდის "რეალმა", ცნობის გავრცელებიდან რამდენიმე საათში განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სერხიო რამოსს დოპინგთან დაკავშირებული წესები არასდროს დაურღვევია და კლუბი ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთების აუცილებლობას ვერ ხედავს.