"ტოტენჰემი" გააქტიურდა! ლონდონელები ჩაკვეტაძისთვის ბრძოლას იწყებენ
გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ევროპული სპორტული პრესა წერას არ წყევტს. ქართველი ტალანტის შესახებ ფაქტიურად ყოველ მეორე დღეს ახალი ინფორმაცია ვრცელდება და ეს რა თქმა უნდა სასიამოვნოა.
„ბარსელონას“, „ბაიერნისა“ და „რომას“ ინტერესის შესახებ ქართველ გულშემატკივარს კარგად მოეხსენება. ამჯერად დაინტერესებულ კლუბთა სიაში „ტოტენჰემი“ გამოჩნდა, რომლის შესახებაც ადრეც იწერებოდა, თუმცა ამჯერად ინფორმაცია უფრო ზუსტია.
90min.com-ი წერს, რომ ლონდონელებს ქართველი ტალანტის შეძენა სურთ და ამის მთავარი ინიციატორი მაურისიო პოჩეტინოა.
„დეზები“ ჩაკვეტაძის მოხიბლვას ძირითად შემადგენლობაში ადგილის შეთავაზებით ცდილობენ.

სწორედ ამ წინადადებით შეეცდებიან ისინი ჩაკვეტაძისთვის გამართული ბრძოლის მოგებას.
არის იმის დიდი შანსი, რომ სეზონის ბოლოს გუნდი კრისტიან ერიკსენმა დატოვოს, რომელიც მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.
ბუნებრივია „ტოტენჰემს“ დანიელის შემცვლელის შეძენა დასჭირდება. პოჩეტინო კი ახლაგაზრდა ფეხბურთელებთან წარმატებული მუშაობით განთქმული გახლავთ. ყველას კარგად ახსოვს თუ როგორ დაეხმარა ის დელე ალის, ერიკ დაიერსა და ჰარი ვინკსს.
რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩაკვეტაძეს ერიკსენის შემცვლელად შეიძენენ და 19 წლის ფეხბურთელს ამხელა ტვირთი დააწვება. ვის, ვის და პოჩეტინოს ახალგაზრდებთან მუშაობა ნამდვილად არ ეშლება.
გამოცემა ასევე წერს, რომ ჩაკვეტაძის შეძენით პრემიერლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი „ბორნმუთია“ დაინტერესებული და ბუნებრივია, რომ ქართველ ფეხბურთელს „ალუბლების“ რიგებში სათამაშო დროც მეტი ექნება.
ფოტო - gff.ge