ზაზა ფაჩულიას გუნდის სენსაცია! "დეტროიტმა" "ტორონტო" დაამარცხა
გამთენიისას ზაზა ფაჩულიას „დეტროიტმა“ პრინციპული მატჩი გამართა. "პისტონსმა" სტუმრად აღმოსავლეთ კონფერენციის უპირობო ლიდერი, "ტორონტო", დაამარცხა. წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზაზა ფაჩულიას გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის, დუეინ კეისისთვის, აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ეს უკანასკნელი „რეპტორსის“ თავკაცის პოსტს იკავებდა.
რაც შეეხება დაპირისპირებას, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველმა ტაიმმა კანადელების სრული უპირატესობით ჩაიარა, თუმცა მეოთხე მეოთხედი „დეტროიტმა“ 29-16 მოიგო და საბოლოო ჯამში ორი ქულით, 106-104, იმარჯვა.
მატჩის გმირი რეჯი ბალოკი გახდა. 27 წლის კალათბურთელმა შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 1.2 წამით ადრე ორქულიანი გაუშვა და ბურთი კალათში სირენასთან ერთად მოათავსა.
"დეტროიტის" წარმატებაში უდიდესი წვლილი ბლეიკ გრიფინმა დაიდო. „პისტონსის“ სუპერვარსკლავმა აქტივში 30 ქულა და 12 მოხსნა ჩაიწერა. ბლეიკის მსგავსად ანდრე დრამონდმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა - 11 ქულა, 14 მოხსნა. რეჯი ჯექსონმა კი გუნდს 13 ქულა შესძინა.
ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე მხოლოდ 5 წუთი გაატარა და 3 ქულასთან ერთად 1 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 1 ორქულიანი გამოიყენა და ამდენივე საჯარიმო ჩააგდო.
ამ გამარჯვების შედეგად „დეტროიტს“ 7 მოგება და 6 წაგება დაუგროვდა. „პისტონსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის მეექვსე ადგილს იკავებს.