საფეხბურთო ბომბი! დოპინგ-სკანდალი, ფინანსური მაქინაციები და ჩემპიონთა ლიგის დასასრული!
ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა Football Leaks-ზე დაყრდნობით მსოფლიო ფეხბურთში მორიგი დიდი სკანდალი დაანონსა.
საქმე რამდენიმე მძიმე დანაშაულს მოიცავს - დოპინგ-ტესტები, პრემიერლიგის გიგანტებისა და "პსჟ"-ს საგადასახადო დარღვევები, FIFA-ს პრეზიდენტის ფინანსური მაქინაციები, ჩემპიონთა ლიგის დასასრული და ახალი საკლუბო ტურნირის შექმნა. ნამდვილი ბომბი მზადდება, რომელიც მალე აფეთქდება...
Spiegel-ი წერს, რომ ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგის მრავალგზის გამარჯვებული ფეხბურთელები დოპინგს მოიხმარდნენ.

რა თქმა უნდა ამ ეტაპზე სახელები არ საჯაროვდება, თუმცა საუბარია ტურნირის გამარჯვებული გუნდების მოთამაშეებზე.
გერმანული გამოცემა ასვე წერს ფინანსურ თაღლითობაზეც, რომელიც პრემიერლიგის გრანდებს ეხებათ.
როგორ არიდებდნენ ისინი თავს გადასახადებს. ამის შესახებ პუბლიკაციები უახლოეს რამდენიმე კვირაში უნდა გამოქვეყნდეს.

ფინანსური ფეარ ფლეის დარღვევა კვლავ აქტუალური იქნება. "პსჟ" და "მანჩესტერ სიტი" - გუნდები, რომლებმაც ხსენებული წესი დაარღვიეს და UEFA-მ მათ ხელი დააფარა.
ხსენებულ კორუფციულ სკანდალში სახელდებიან UEFA-ს ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი, ამავე ორგანიზაციის ყოფილი გენერალური მენეჯერი და ამჟამად FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო.

2011 და 2013 წლებში "სიტი" და "პსჟ" ევროტურნირებიდან მოკვეთას იმსახურებდნენ. ბიუჯეტში დეფიციტის სახით პარიზელებს 218 მილიონი ევრო, ხოლო "ქალაქელებს" 188 მილიონი ევრო უფიქსირდებოდათ.
საბოლოოდ ინფანტინომ მათ ხელი შეუწყო და ორივე გუნდი გადარჩა.
მორიგი სკანდალი - კვლავ "პსჟ" და ამჯერად საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი.
საქმე ეხება ყატარელების მიერ პარიზული კლუბის შეძენას და მის სანაცვლოდ ყატარისთვის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მინიჭებას.

მთავარი თემა რა თქმა უნდა ახალი საკლუბო ტურნირის ჩამოყალიბება გახლავთ.
ევროპის 11 გრანდი ერთ პოზიციას იზიარებს. ისინი სუპერლიგის შექმნას გეგმავენ, რაც ჩემპიონთა ლიგის გაუქმებას გამოიწვევს.
ამ ყველაფრის თავი მიუნხენის "ბაიერნი" და კარლ ჰაინც რუმენიგე გახლავთ. იდეა სწორედ მათ ეკუთვნით.

"ბაიერნი", "რეალი", "ბარსელონა", "მანჩესტერი", "სიტი", "იუვენტუსი", "არსენალი", "პსჟ", "ჩელსი", "ლივერპული, "მილანი" - საუბარი სწორედ ამ გრანდებზეა.
ხსენებულ სუპერლიგაში 16 გუნდი იასპარეზებს. დამფუძნებელ გუნდებს, ანუ ზემოხსნებულ 11 გრანდს ექნებათ 20 წლიანი გარანტია, რომ ისინი ლიგიდან არასდროს გავარდებიან.
5 გუნდი კი სტუმრის სტატუსით იქნება მიწვეული. ესენი იქნებიან "ატლეტიკო", "ინტერი", "დორტმუნდი", "მარსელი" და "რომა".
ხსენებულმა გუნდებმა დოკუმენტს ხელი 2018 წლის ნოემბერში უნდა მოაწერონ. ტურნირი სტარტს 2021 წელს აიღებს და ეს ჩემპიონთა ლიგის დასასრული იქნება.
საფეხბურთო სამყაროში ტემპერატურა უკიდურესად იმატებს და მალე ზღვარსაც გადავა. ვნახოთ რა რეაგირებას მოახდენს UEFA ამ ყველაფერზე...
