კვეკვესკირი - კაპიტანი და საგოლე პასის ავტორი
ყაზახეთის პრემიერლიგის 32-ე ტურში ყარაგანდის ''შახტიორმა'' შინ ''ტობოლი'' 2:1 დაამარცხა. ''ტობოლის'' სამატჩო განაცხადში ჯაბა კანკავა არ იმყოფებოდა, რომელიც ტრავმის შემდეგ თამაშისთვის მზად არაა. კანკავა ''ასტანასთან'' სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა ამჯერად თადარიგს მიღმა აღმოჩნდა.
კანკავას თანაგუნდელმა ნიკა კვეკვესკირმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და საგოლე პასი შეასრულა. 89-ე წუთზე დმიტრენკომ მატჩის საბოლოო ანგარიში კვეკვესკირის ჩაწოდების შემდეგ დააფიქსირა.
ყაზახეთის პრემიერლიგის დასრულებამდე 1 ტურით ადრე ''ტობოლი'' 50 ქულით მესამე ადგილზეა. ქართველების გუნდი მეორეადგილოსან ''ქაირათს'' 11 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეოთხეადგილოსან ''ორდაბასის'' 7 ქულით უსწრებს.
ნიკა კვეკვესკირმა ''ტობოლს'' პირველად უკაპიტნა

ყაზახეთის პრემიერლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი ''ყიზილჟარი'' კახა ცხადაძის გაწვრთნილ ''ორდაბასისთან'' 1:2 დამარცხდა. ცხადაძის გუნდმა გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე შეაგდო.
''ყიზილჟარის'' მაისურით გიორგი ფოფხაძემ 90 წუთი ითამაშა და 39_ე წუთზე გააფრთხილეს.''ორდაბასის'' პირველი გოლისას გამოცდილი ქართველი მცველი შეცდა, რადგან პოზიციურად მის წინააღმდეგ მოთამაშე მოლდაკარაევმა ანგარიში გახსნა.
''ყიზილჟარს'' შოთა გრიგალაშვილი ტრავმის გამო ვერ ეხმარება.
ცხადაძის გუნდი მე-4 ადგილზეა და მეხუთეადგილოსან ''აქტობეს'' მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

''ყიზილჟარი'' 35 ქულით მე-11 ადგილზეა, მე-10 ადგილს ამდენივე ქულით ''ირტიში'' იკავებს. ცხრილში სიმჭიდროვეა, მე-8 პოზიციაზე მყოფი ''აქტირაუს'' ანგარიშზე 36 ქულაა. ფოფხაძისა და გრიგალაშვილის გუნდი დასკვნით ტურში ''ტობოლს'' ესტუმრება. 12-გუნდიან პრემიერლიგას 3 გუნდი დატოვებს.
ყაზახეთის ჩემპიონატში ''ქაისარმა'' შინ 1:0 დაამარცხა ''ჟეტისუ,'' რომლის ქართველმა მცველმა ლაშა კასრაძემ 90 წუთი ითამაშა. კასრაძის გუნდი 40 ქულით მე-7 ადგილზეა და ელიტიდან გავარდნა არ ემუქრება.
