Aa
Aa

ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მატჩი! "დეტროიტმა" ზედიზედ მესამედ წააგო!

გამთენიისას ზაზა ფაჩულიას „დეტროიტი“ სტუმრად „ბრუკლინ ნეთსს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დროის დანიშვნა გახდა საჭირო.

ოვერტაიმი ქულა-ქულაში წარიმართა. გადამწყვეტი სპენსერ დინუიდის სამქულიანი აღმოჩნდა, რომელიც საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე ჩააგდო. „პისტონსს“ მატჩის გადარჩენა შეეძლო, თუმცა ბლეიკ გრიფინის სროლამ მიზანს არ უწია და დეტროიტელები 120-119 დამარცხდნენ.

„დეტროიტის“ რიგებში საუკეთესო სწორედ გრიფინი გახლდათ. „პისტონსის“ მძიმე ფორვარდმა 25 ქულასთან ერთად 9 მოხსნა მიითვალა. „დეტროიტის“ ცენტრმა, ანდრე დრამონდმა, მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. 25 წლის კალათბურთელმა აქტივში 24 ქულა და 23 მოხსნა ჩაიწერა! რეჯი ჯექსონმა კი გუნდს 21 ქულა შესძინა.

ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 12 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა ამ დროში 9 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა. ფაჩულიამ 3-დან 3 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო გამოიყენა. ზაზას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 14-ს უწია და ამ მაჩვენებლით იგი საკუთარ გუნდში საუკეთესო გახლდათ.

"ნეთსის" მხრიდან საუკეთესო ხსენებული დინუიდი იყო. ბრუკლინელთა კალათბურთელმა აქტივში 25 ქულა ჩაიწერა. ჯო ჰერისმა გუნდს 23 ქულა შესძინა, ხოლო კარის ლევერტი 19 ქულით გამოირჩა.

„ბრუკლინთან“ მარცხი „დეტროიტისთვის“ ზედიზედ მესამე გამოდგა. „პისტონსს“ ამჟამად 4 მოგება და 3 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე ადგილს იკავებს. ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო შეხვედრას „ფილადელფიას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები