საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - გადამწყვეტი მატჩი ვიბორგში
Aa
Aa

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - გადამწყვეტი მატჩი ვიბორგში

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა მოედანი უქულოდ დატოვა. ჯგუფური ეტაპის მასპინძელმა დანიამ ზვიად ჯელაძის გუნდი 3:1 დაამარცხა.

პარალელურ შეხვედრაში ამავე ჯგუფში რუსეთმა ესტონეთის ნაკრებს დიდი ანგარიშით, 6:0 სძლია. მოსკოვის ''ლოკომოტივის'' 19 წლამდე გუნდის ფორვარდმა კირილ შჩეტინინიმა პოკერი შეასრულა თითო-თითო გოლი ნიკიტა კოტინისა და ეგორ შაპოვალოვის ანგარიშზეა.

მეორე ტურში, 27 ოქტომბერს საქართველო რუსეთს შეხვდება, დანია კი - ესტონეთს. საქართველოს ნაკრების მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. საფეხბურთო დაპირისპირება ქალაქ ვიბორგში, ''ვიბორგზე'' გაიმართება. დანიისა და ესტონეთის შეხვედრა სტარტს მოგვიანებით, ამავე სტადიონზე 20:00 საათზე აიღებს.

დიდი ალბათობით მესამე ტურში საქართველო ესტონეთთან ფავორიტი იქნება. ასე რომ ჯელაძის გუნდისთვის რუსეთთან მატჩი გადამწყვეტია. ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი ელიტ-რაუნდის საგზურს მოიპოვებს.

საქართველო - დანია 1:3

ჰობროში საქართველო მე-3 წუთზე დაწინაურდა. დანიელთა შეტევა თბილისის ''დინამოს''  17 წლამდე გუნდის მცველმა საბა ხვადაგიანმა ჩაშალა. მან მეტოქის ნახევარზე დავით ზურაბიანის მისამართით კარგი გადაცემა შეასრულა. გიორგი ომარაშვილის გადაცემის შემდეგ თორნიკე მორჩილაძემ ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა.

 

დანიის ნაკრებმა ანგარიში პირველ ტაიმში გაათანაბრა. ჰექტორ ჰეიბერე-ტომსენმა დუბლი შეასრულა. მან გოლები 38-ე და 58-ე წუთებზე გაიტანა. მატჩის საბოლოო ანგარიში მესამე დამატებულ წუთზე ალექსანდერ ლინდმა დააფიქსირა.

 

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თითოეული ტაიმის ხანგრძლივობა 40-დან 45 წუთამდე გაიზარდა. გარდა ამისა, თითოეულ გუნდს 5 ცვლილების განხორციელება შეუძლია.

საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა დანიის წინააღმდეგ შემდგი შემადგენლობით ითამაშა: ხარშილაძე, კვარაცხელია, ჭინჭარაული, ხვადაგიანი, ტალახაძე, მორჩილაძე, ბენდიანიშვილი (ტორონჯაძე 81), ომარაშვილი (აბუაშვილი 56), აზაროვი, ოგბაიძე, ზურაბიანი (მირზიკაშვილი 67)

სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ: ხარატიშვილი, დევდარიანი, ერაძე, ოსიყმაშვილი, კოკაია

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დანიაში შემდგი შემადგენლობით იმყოფება:

მეკარეები

ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია)

მცველები

ლაშა კვარაცხელია (დინამო თბ), საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია), საბა ხვადაგიანი (დინამო თბ), გიორგი მირზიკაშვილი (დინამო თბ), ზურაბ ერაძე (დინამო თბ), ნიკა კოკაია (გაგრა)

ნახევარმცველები

ნიკოლოზ ტალახაძე (საბურთალო), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია), გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ანდრია დევდარიანი (ტორპედო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბ), შალვა ოგბაიძე (მაგდებურგი, გერმანია), დავით ზურაბიანი (დინამო თბ) 

თავდამსხმელები

გიორგი ომარაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ტორონჯაძე (გაგრა), გურამ ხვედელიძე (ტორინო, იტალია).

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები