კარიერაში 72-ე ტიტული! ნოვაკ ჯოკოვიჩმა შანხაის მასტერსი ერთი ამოსუნთქვით მოიგო
Aa
Aa

კარიერაში 72-ე ტიტული! ნოვაკ ჯოკოვიჩმა შანხაის მასტერსი ერთი ამოსუნთქვით მოიგო

2018 წლის შანხაის მასტერსის გამარჯვებული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. ნოლემ ფინალში ხორვატი ბორნა ჩორიჩი საკმაოდ მარტივად 6:3, 6:4 დაამარცხა და კარიერაში 72-ე ტიტული მოიგო.

მსოფლიოს მე-13 ჩოგანმა ჩორიჩმა ნახევარფინალში ლეგენდარული როჯერ ფედერერი ბევრისთვის მოულოდნელად, საკმაოდ მარტივად 6:4, 6:4 დაამარცხა და ქომაგებს საოცნებო ფინალის ხილვის საშუალება წაართვა.

ჯოკოვიჩმა ამ გამარჯვების შემდეგ ATP-ის რეიტინგში ფედერერი ჩაანაცვლა და ამ წუთისთვის ის მე-2 ჩოგანია. პირველ ადგილს კვლავინდებურად რაფაელ ნადალი იკავებს.

შანხაის მასტერსის საპრიზო ფონდი 7 086 700 $ იყო.

შეგახსენებთ, რომ შანხაის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილმაც იასპარეზა, რომელიც მეორე წრეში გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან დამარცხა. საბოლოოდ, ზვერევი ნახევარფინალში ჯოკოვიჩს გადაეყარა და უშანსოდ წააგო.

ბასილაშვილი ამჟამად ისვენებს და წლის ბოლო ორი ტურნირისთვის ემზადება.

ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც რეიტინგში 23-ე ჩოგანი გახლავთ, ვენის (22 ოქტომბრიდან, 500-იანი) და პარიზის (29 ოქტომბრიდან, 1000-იანი მასტერსი) ტურნირებისთვის მოემზადება და ისედაც წარმატებული წლის კიდევ უფრო შთამბეჭდავად დასრულებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები