კობიაშვილი არაბიძის შესახებ: ''ის პატივს არ სცემს მწვრთნელს და თანაგუნდელებს''
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გადაცემა ''სპორტი იმედზეს'' სტუმრობდა. გელზენკირხენის ''შალკესა'' და ბერლინის ''ჰერტას'' ყოფილმა ფეხბურთელმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ ისაუბრა.
გთავაზობთ ლევან კობიაშვილის საუბრის ნაწყვეტს, რომელიც გიორგი არაბიძეს ეხება.
'' ჩვენ ვიქნებით ყველაზე ბედნიერები თუ გიორგი არაბიძე ეროვნულ ნაკრებში იქნება და ითამაშებს, რადგან ვიცით მას რაც შეუძლია. ვიცით თუ რა პოზიტივი შეუძლია შეიტანოს ნაკრების თამაშში, მაგრამ გიორგიმ თავად იცის თუ რატომ არაა როგორც ეროვნულ, ასევე ახალგაზრდულ ნაკრებში.
რამდენიმე კვირა გავიდა მას შემდეგ რაც ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი) გიორგი არაბიძეს ესაუბრა. გიორგიმ იცის თუ რატომ არ იმყოფება ნაკრების შემადგენლობაში.
მე მინდა ხაზი გავუსვა და გიორგის ვურჩიო, გუნდის ინტერესი უპირველესია. ფეხბურთელი, რომელიც თავის გუნდს, მოთამაშეებს, მწვრთნელსა და ქომაგებს პატივს არ სცემს და არაპროფესიონალური მიდგომებით გამოირჩევა, მისი ადგილი ეროვნულ ნაკრებში არაა.
მიუხედავად იმისა თუ რა შესაძლებლობა აქვს, უპირველესი გუნდის ინტერესია. დღევანდელი ფორმაციის ეროვნული ნაკრების მთავარი სიძლიერე გუნდურობაა. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ერთმანეთს პატივს სცემენ და დღემდე ასე მოვედით. აქამდე მოსასვლელად დიდი გზა გავიარეთ. არავის აქვს უფლება პირადი ინტერესი გუნდურ პრინციპებზე მაღლა დააყენოს.
ფეხბურთელი, რომელიც სტადიონზე არ დარჩება და თავის გუნდს არ უქომაგებს, მემგონი ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება.
მისი ეროვნულ ნაკრებში არყოფნა არ არის დასჯა. ეს დახმარებაა. თუ გიორგი დაფიქრდება და მიხვდება თუ რა მოხდა, დარწმუნებული ვარ მომავალში დაგვეხმარება.''

ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველომ სტუმრად 2:0 დაამარცხა ყაზახეთი. არაბიძე სამატჩო განაცხადში მოხვდა, თუმცა არ უთამაშია. მეორე ტურში ვაისმა ლატვიასთან საშინაო მატჩში არაბიძე განაცხადს მიღმა დატოვა. ლატვიას გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სლოვაკმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ არაბიძე თამაშისთვის მზად არ იყო.
მიმდინარე თვეში არაბიძე ეროვნული ნაკრებისა და ახალგაზრდული ნაკრების შეკრებებს გამოტოვებს.
შეგახსენებთ, გიორგი არაბიძემ დონეცკის ''შახტარი'' დატოვა და მიმდინარე სეზონში პორტუგალიურ ''ნასიონალში'' ჩაირიცხა. 20 წლის ტალანტმა პორტუგალიის ელიტარულ საფეხბურთო ლიგაში 4 მატჩი ჩაატარა და საერთო ჯამში მოედანზე 144 წუთი გაატარა.