კვეკვესკირი მოედანს დაუბრუნდა - დრამატული მარცხი აუტსაიდერთან
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი კოჭის ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. ყაზახეთის პრემიერლიგის 29-ე ტურში ''ტობოლი'' შინ 1:2 დამარცხდა გასავარდნ ზონაში მყოფ პავლოდარის ''ირტიშთან.''
''ტობოლის'' მაისურით ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა 90 წუთი ითამაშეს.
70-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გახსნეს. ორ წუთში ნიკა კვეკვესკირის მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებას გოლი მოჰყვა. ტანატ ნუსერბაევმა ანგარიში გაათანაბრა.
კვეკვესკირის ჩაწოდება და გამათანაბრებელი გოლი
89-ე წუთზე სტუმრებმა პენალტის ნიშნულიდან გამარჯვების გოლი შეაგდეს. ''ტობოლი'' უკანასკნელი ხუთი შეხვედრიდან მეორედ დამარცხდა.
19 ტურის შემდეგ 12-გუნდიან პრემიერლიგაში ''ტობოლი'' 46 ქულით მესამე ადგილზეა, მეოთხეადგილოსან ''ჟეტისუს'' 8 ქულით უსწრებს, ხოლო მეორეადგილოსან ''ქაირათს'' 14 ქულით ჩამორჩება, თუმცა ''ქაირათს'' ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული.
კვეკვესკირმა კოჭის ტრავმის გამო ''ტობოლის'' სამი მატჩი გამოტოვა. 26 წლის ფეხბურთელმა ვარჯიში მიმდინარე კვირაში განაახლა. კანკავა და კვეკვესკირი ანდორასთან და ლატვიასთან შეხვედრებისთვის საქართველოს ეროვნულ გუნდს დაეხმარებიან.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ''ირტიშთან'' მატჩში
