წარმატებული დაბრუნება - მჭედლიძემ ''მილანთან'' პენალტი გამოიმუშავა
Aa
Aa

წარმატებული დაბრუნება - მჭედლიძემ ''მილანთან'' პენალტი გამოიმუშავა

იტალიის სერია ა-ს მე-6 ტურში მოედანს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლევან მჭედლიძე დაუბრუნდა. ''ემპოლიმ'' ''კარლო კასტელანიზე'' ჯენარო გატუზოს გაწვრთნილ ''მილანს'' უმასპინძლა. საფეხბურთო დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. 

პირველი ტაიმი ''მილანმა'' ლეონარდო კაპეზის ავტოგოლით მოიგო. 65-ე წუთზე აურელიო ანდრეაცოლიმ თამაშში 28 წლის ლევან მჭედლიძე ჩართო, რომელიც ქულის მოპოვებაში მასპინძლებს მნიშვნელოვნად დაეხმარა.

ალესიო რომანიოლმა საკუთარ საჯარიმოში ძალიან ცუდად ითამაშა. მისი არაზუსტი გადაცემის შემდეგ ბურთი მჭედლიძეს მიუვიდა, რომელიც ''მილანის'' მცველის ჩამოშორებას ცდილობდა, თუმცა რომანიოლიმ მის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია. მთავარმა მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ფრანჩესკო კაპუტომ ზუსტად შეასრულა და ანგარიში გათანაბრდა - 1:1.

ქართველმა თავდამსხმელმა მოედანზე 25 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში 8 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 3 მოიგო. მისი პასების 40 პროცენტი ზუსტი გამოვიდა. მას ბურთი მხოლოდ ერთხელ აართვეს. 

მჭედლიძის გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი

 

მილანიდან მილანამდე

2017 წლის 23 მაისის შემდეგ ლევან მჭედლიძემ ოფიციალურ მატჩში პირველად ითამაშა. 2017 წლის 23 მაისს ''ემპოლი'' ''სან სიროზე'' ''მილანს'' შეხვდა და ანგარიში მე-40 წუთზე მჭედლიძემ გახსნა. აღნიშნული შეხვედრა ''ემპოლის'' გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მჭედლიძის გოლი დონარუმას კარში

 

მჭედლიძე მილანური კლუბების წინააღმდეგ

2015 წლის 31 მაისს ლევან მჭედლიძემ ''სან სიროზე'' მილანის ''ინტერს'' ორი გოლი გაუტანა. მჭედლიძე პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სერია ა-ში დუბლი შეასრულა. 2017 წლის 23 მაისს ''სან სიროზე'' მესამე გოლი გაიტანა. ამჯერად ''მილანის'' კარში.

მატჩის შემდეგ ლევან მჭედლიძემ ოფიციალურ facebook-ის გვერდზე დაწერა: ''სერია ა-ში დავბრუნდი !''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები