ჯაბა კანკავას გამარჯვების გოლი - ''ტობოლმა'' წარუმატებელი სერია შეწყვიტა
ყაზახეთის პრემიერლიგაში ''ტობოლმა'' ჯაბა კანკავას გოლით გასვლით მატჩში ''აკჟაიკი'' დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა 81-ე წუთზე შეაგდო.
''ტობოლის'' მაისურით ჯაბა კანკავამ 90 წუთი ითამაშა. მისი თანაგუნდელი ნიკა კვეკვესკირი ტრავმირებულია, რომელიც სავარაუდოდ ერთ კვირაში სავარჯიშო პროცესს განაახლებს.

ამ გამარჯვებით ''ტობოლმა'' ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. კანკავასა და კვეკვესკირის გუნდმა 11 აგვისტოს შემდეგ 3 ქულა პირველად მოიპოვა, სატურნირო ცხრილში 43 ქულით მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსან ''ქაირათთან'' მიმართებაში 17-ქულიანი სხვაობაა, ხოლო ლიდერ ''ასტანას'' 21 ქულით ჩამორჩება.
სანაკრებო პაუზის შემდეგ 32 წლის კანკავამ საკლუბო დონეზე 3 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
კანკავას გამარჯვების გოლი
Jaba Kankava goal VS Akzhayik pic.twitter.com/jVBESDqv7u
— Dima Shariqadze (@shariqadzedima) September 27, 2018
ყაზახეთის პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა ''ყიზილჟარმა'' საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა ყარაგანდის ''შახტიორი.'' გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ფოფხაძემ და შოთა გრიგალაშვილმა ითამაშეს. ''ყიზილჟარმა'' გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე შეაგდო. საგოლე გადაცემა შოთა გრიგალაშვილის ანგარიშზეა.
გრიგალაშვილის საგოლე პასი
Shota Grigalashvili assist against Shakhtar Karagandy pic.twitter.com/iBJbXlGS6k
— Dima Shariqadze (@shariqadzedima) September 27, 2018
32 წლის გრიგალაშვილმა პრემიერლიგის უკანასკნელ ხუთ შეხვედრაში 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ''ყიზილჟარის'' მაისურით პირველ სეზონს ატარებს.
ყაზახეთის პრემიერლიგის 12-გუნდიან ჩემპიონატში ''ყიზილჟარი'' 27 ქულით მე-10 ადგილზეა, მე-9 პოზიციაზე მყოფ ''ატირაუს'' მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. ''ყიზილჟარს'' ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული, გამარჯვების შემთხვევაში კი გასავარდნ ზონას თავს დააღწევს.
ყაზახეთის ჩემპიონატის კიდევ ერთ შეხვედრაში კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ''ორდაბასიმ'' სტუმრად ''ჟეტისუსთან'' ფრედ 1:1 ითამაშა. ''ჟეტისუს'' შემადგენლობაში ამპლუით მცველმა ლაშა კასრაძემ 90 წუთი იასპარეზა. ''ჟეტისუ'' 37 ქულით მე-4 პოზიციაზეა, ''ორდაბასი'' კი 35 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

ლეგიონერების შესახებ ასევე იხილეთ
ლაშა დვალის წარუმატებელი დარტყმა - მარცხი პენალტების სერიაში