კობახიძის მარცხი ''ემირეითსზე'' - ''არსენალის'' კონტრშეტევები და ''ვორსკლას'' ეფექტური გოლები
Aa
Aa

კობახიძის მარცხი ''ემირეითსზე'' - ''არსენალის'' კონტრშეტევები და ''ვორსკლას'' ეფექტური გოლები

ევროპა ლიგის E ჯგუფის პირველ ტურში ლონდონის ''არსენალმა'' ''ემირეითსზე'' 4:2 დაამარცხა უკრაინული ''ვორსკლა.'' უკრაინული კლუბის სასტარტო შემადგენლობაში 31 წლის ქართველმა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ითამაშა, რომელიც 77-ე წუთზე მიხაილ სერგიიჩუკმა შეცვალა, როცა ანგარიში 4:1 იყო. 

პირველი ტაიმი ლონდონური გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.  32-ე წუთზე უნაი ემერის გუნდმა სწრაფი კონტრშეტევით ანგარიში გახსნა.  სანდრო კობახიძის გადაცემის შემდეგ მისი თანაგუნდელი დმიტრო კრავჩენკო ორიგინალურად ბურთის გატარებას ცდილობდა, თუმცა მხითარიანმა კრავჩენკოს ჩანაფიქრი გამოიცნო და სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, რომელიც ივობის საგოლე გადაცემის შემდეგ ობამეიანგის გოლით დასრულდა.

 

48-ე წუთზე უელბეკმა ანგარიში ორამდე გაზარდა. 56-ე წუთზე სანდრო კობახიძემ მეტოქის ორ ფეხბურთელთან ორთაბრძოლისას ბურთი დაკარგა, რასაც სწრაფი კონტრშეტევა და ობამეიანგის მეორე გოლი მოჰყვა - 3:0.

''ვორსკლას'' 18-კაციან განაცხადში  22 წლის ქართველი მცველი ანდრო გიორგაძე მოხვდა, თუმცა თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.

სანდრო კობახიძე ''ემირეითსზე'' გამართულ მატჩისწინა ვარჯიშზე

სტუმართა კარში მეოთხე გოლი 74-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა მესუთ იოზილმა შეაგდო. ''ვორსკლამ'' გოლები 76-ე და მეოთხე დამატებულ წუთებზე გაიტანა. ჩესნაკოვმა და შარპარმა საკმაოდ ეფექტური, ლამაზი გოლები გაიტანეს.

 

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი ანდრო გიორგაძე ''ემირეითსზე'' 

ამავე ჯგუფში ლისაბობის ''სპორტინგმა''რაფინიასა და კაბრალის გოლებით 2:0 დაამარცხა აზერბაიჯანული ''ყარაბაღი.'' მეორე ტურის შეხვედრები 4 ოქტომბერს გაიმართება. ''ვორსკლა'' პოლტავაში ''სპორტინგს'' უმასპინძლებს, 4 ოქტომბერს კი ''არსენალი'' ბაქოში ''ყარაბაღს'' ესტუმრება.

მოამზადა დიმა შარიქაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები