უეფამ ნომინანტები დაასახელა! - ვის დარჩება წლის საუკეთესოს წოდება?
Aa
Aa

უეფამ ნომინანტები დაასახელა! - ვის დარჩება წლის საუკეთესოს წოდება?

ევროპის მმართველმა საფეხბურთო ორგანომ წლის საუკეთესო ფეხბურთელობის 3 ნომინანტი დაასახელა. აღნიშნული ჯილდო ლუკა მოდრიჩს, კრიშტიანუ რონალდუს ან მოჰამედ სალაჰს დარჩება.

უეფამ სამივე ეს ვარსკვლავი მოკლედ დაახასიათა და ის ძირითადი მიზეზები გამოჰყო, რის გამოც არჩევანი სწორედ ამ კანდიდატებზე შეჩერდა.

ლუკა მოდრიჩი (რეალი და ხორვატია): "ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 ადგილოსანი. ასევე, მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი".

კრიშტიანუ რონალდუ (რეალი/იუვენტუსი და პორტუგალია): "ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, თანაც ეს მეხუთედ გააკეთა და რეკორდსმენი გახდა. ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, რაც მის კარიერაში მეექვსედ მოხდა". 

მოჰამედ სალაჰი (ლივერპული და ეგვიპტე): "ჩემპიონთა ლიგის მე-2 ადგილოსანი და ლივერპულისთვის არაერთი რეკორდის შემოქმედი. ეს ყველაფერი კლუბში მისთვის სადებიუტო სეზონში გააკეთა". 

სამეულს მიღმა დარჩნენ და შესაბამისი პოზიციები დაიკავეს: ანტუან გრიზმანმა, ლიონელ მესიმ, კილიან მბაპემ, კევინ დე ბრუინმა, რაფაელ ვარანმა, ედენ აზარმა და სერხიო რამოსმა.

წლის საუკეთესო მეკარის წოდებას ალისონ ბეკერი, ჯანლუიჯი ბუფონი ან კეილორ ნავასი მიიღებს, მცველისას - მარსელო, სერხიო რამოსი ან რაფაელ ვარანი, ნახევარმცველისას - კევინ დე ბრუინი, ტონი კროოსი ან ლუკა მოდრიჩი, თავდამსხმელისას - ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ ან მოჰამედ სალაჰი. 

წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელს პერნილ ჰარდერს, ადა ჰეგერბერგსა და ამანდინ ანრის შორის აარჩევენ. ევროპა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად კი დიეგო გოდინს, ანტუან გრიზმანს ან დიმიტრი პაიეს დაასახელებენ.

ყველა ამ ნომინაციის გამარჯვებული 30 აგვისტოს გამოცხადდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები