''ტორპედო'' ევროპა ლიგის ფლეი-ოფს მიუახლოვდა - ქართული გუნდის 5 გოლი ''მესხზე''
Aa
Aa

''ტორპედო'' ევროპა ლიგის ფლეი-ოფს მიუახლოვდა - ქართული გუნდის 5 გოლი ''მესხზე''

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ქუთაისის ''ტორპედომ'' ''მიხეილ მესხზე'' 5:2 გაანადგურა ალბანური ''კუკეში,'' რომლის სასტარტო შემადგენლობაში ქართველმა ფეხბურთელმა ირაკლი ძარიამ ითამაშა.ალბანური გუნდის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ''ტორპედო'' ევროპა ლიგის ფლეი ოფში ითამაშებს.

ისტორიიდან

ქართული კლუბებიდან უკანასკნელად ევროპა ლიგის ფლეი ოფში თბილისის ''დინამომ'' ითამაშა, როცა 2016 წელს იურაი იარაბეკის გაწვრთნილი გუნდი ბერძნულ პაოკ-თან ორი მატჩის ჯამში 0:5 დამარცხდა.

ქართული კლუბების მხრიდან ევროტურნირზე უკანასკნელად ხუთი გოლი ერთ მატჩში 2011 წელს თბილისის ''დინამომ'' გაიტანა. ალექს გარსიას გუნდმა შინ 5:0 გაანადგურა უელსური ''ლანელი.''

ქუთაისის ''ტორპედომ'' ევროთასზე პირველად 1998 წელს ითამაშა. ინტერტოტოს თასის პირველ ეტაპზე ''ტორპედომ'' შინ 6:0 დაამარცხა სომხური ''ერებუნი''.

1999 წელს ''ტორპედომ'' უეფას თასზე იასპარეზა. ქუთაისური გუნდის პირველი მეტოქე ესტონური ''ლანტანა'' იყო. ''ტორპედომ'' შინ 4:2 მოიგო, სტუმრად კი ხუთი უპასუხო გოლი შეაგდო.

''ტორპედომ'' ხუთი გოლის გატანა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც მოახერხა.  2002 წელს საქართველოს ჩემპიონმა შინ 5:2 გაანადგურა ფარერის კუნძულების ჩემპიონი ''ტორსჰავნი.''

მატჩის შესახებ

შეხვედრა ალბანური გუნდის უპირატესობით დაიწყო, თუმცა მე-2 წუთზე მარცხენა ფლანგიდან განვითარებული შეტევა კუხიანიძის გოლით დასრულდა. მე-15 წუთზე კუხიანიძემ დუბლი შეასრულა და გამოჩნდა, რომ კახა ჩხეტიანის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი ჰქონდა.

26 წლის კუხიანიძემ მიმდინარე სეზონში ევროტურნირებზე 5 მატჩში 3 გოლი შეაგდო. 1 გოლი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისში ''შერიფს'' გაუტანა.

22-ე წუთზე ჰარბიმ გაუტანა კვასხვაძეს, ქართველმა მეკარემ კარი დატოვა, პოზიციური შეცდომის გამო ბურთს ვერ შეწვდა და ალბანურმა გუნდმა ანგარიში შეამცირა. სტუმრებმა გოლის გატანის შემდეგ კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა რეგინალდოს დარტყმის შემდეგ ბურთი მცირე მანძილით აცდა ''ტორპედოს'' კარს. გოლის გატანის შემთხვევაში ანგარიში გათანაბრდებოდა და შესაძლოა ქომაგს მატჩის განსხვავებული სურათი ეხილა. ფაქტია, ამ ეპიზოდში ქართულ კლუბს გაუმართლა.

პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ''ტორპედომ'' ორი გოლი გაიტანა. ჯერ მარინიმ შეაგდო მახვილი კუთხიდან, შემდეგ კი ქიმაძემ ბრწყინვალე დარტყმით გაახარა ქომაგი.

პირველი ტაიმი სანახაობრივი კუთხით კარგი გამოვიდა. გავიდა 5 გოლი და ფეხბურთელები უფრო აქტიურად მოქმედებდნენ.  შესვენების შემდეგ გამოჩნდა, რომ ''ტორპედო'' აქცენტს კარის უსაფრთხოებაზე აკეთებდა, ერთ-ერთი კონტრშეტევისას კი ცვლილებაზე გამოსულმა კაპანაძემ მეტოქის მცველებს აჯობა და მეკარესთან პირისპირ გასულმა სხვაობა ოთხ ბურთამდე გაზარდა.

მატჩის საბოლოო წერტილი 88-ე წუთზე პლაკუმ დასვა, რომელმაც ''ტორპედოს'' კარის მიმართულებით დანიშნული პენალტი გოლად აქცია . კვასხვაძემ დარჩენილ დროში რამდენიმე ძალიან სახიფათო დარტყმა მოიგერია და გუნდის წარმატებაში წვლილი შეიტანა.

 

საპასუხო შეხვედრა 16 აგვისტოს ''ელბასან არენაზე'' გაიმართება.

 შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ევროტურნირებს ''ტორპედოს'' სახით ერთადერთი ქართული კლუბი შემორჩა.

ტორპედო - კუკეში 5:2 (4:1)

9 აგვისტო, თბილისი, ''მიხეილ მესხი''

ტორპედო: კვასხვაძე, მარინი, აზაცკი, კობახიძე (ხურცილავა 79), გეგეჩკორი, ცინცაძე, ჰლინკა, კუხიანიძე, ქიმაძე, დოლიძე (დაფე 72), ლაჩნი (კაპანაძე 67)

მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

კუკეში: ფრაშერი, შამეტი, ჰოშა, სირბია (პლაკუ 63), ჰარალამბი, რუმბულაკო, მუსოლი, კორდეირო (ზგურო 74), ჰარბა, ძარია (შკოდრა 63), რეგინალდო

მთავარი მწვრთნელი: არმანდო ცუნგუ

გოლები: 1:0 კუხიანიძე(2), 2:0 კუხიანიძე(15), 2:1 ჰარბა(22), 3:1 მარინი(28), 4:1 ქიმაძე(31), 5:1 კაპანაძე(86), 5:2 პლაკუ 88, პენ)
მთავარი მსაჯი: ალან სანტი(მალტა)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები