ფრუიძე-ჯერარდის სამწვრთნელო დუელი არ შედგება - ''ჩიხურა'' ევროპა ლიგას დაემშვიდობა
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენიურმა ''მარიბორმა'' დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. დარკო მილანიჩის ფეხბურთელებმა ორი უპასუხო გოლი ''ჩიხურას'' გაუტანეს. თბილისში გამართული პირველი მატჩი უგოლოდ დასრულდა. შესაბამისად, მესამე ეტაპზე შოტლანდიურ გლაზგოს ''რეინჯერსს'' ''მარიბორი'' შეხვდება.
სლოვენიაში გამართული მატჩი მასპინძელთა დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა. რამდენჯერმე ''ჩიხურამ'' სახიფათო კონტრშეტევა განახორციელა, თუმცა მასპინძლებმა კარი მშრალად შეინახეს.
ანგარიში 70-ე წუთზე ლეგენდარული სლოვენიელი ფეხბურთელის, ზლატკო ზაჰოვიჩის შვილმა, ლუკა ზაჰოვიჩმა გახსნა. გაშვებული გოლის შემდეგ ''ჩიხურა'' გააქტიურდა. დარჩენილ დროში ''ჩიხურა'' ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია, კონტრშეტევაზე კი ტავარეშმა ქართულ კლუბს გაუტანა.
''მარიბორმა'' სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა. მასპინძლებმა სტუმრებს ყველა კომპონენტში აჯობეს.

გამარჯვების შემთხვევაში მესამე ეტაპზე ''ჩიხურა'' სტივენ ჯერარდის გაწვრთნილ ''რეინჯერსს'' შეხვდებოდა. სამწუხაროდ, ''ჩიხურას'' ქომაგთა სურვილი სურვილად დარჩა, ''ოსიეკთან'' გამარჯვების შემდეგ შოტლანდიური გუნდი სლოვენიურს დაუპირისპირდება.
მარიბორი - ჩიხურა 2:0 (0:0)
მარიბორი, ''ლიუდსკი სტადიონი''
მარიბორი: ჰანდანოვიჩი, პილერი, ივკოვიჩი, შულერი, ვილერი, დერვიშევიჩი, ვრჰოვეცი, ბაიდე (მესანოვიჩი 74), ზაჰოვიჩი (კრეტუ 86), ჰოტიჩი (ვრშიჩი 88), ტავარეში
მთავარი მწვრთნელი: დარკო მილანიჩი
ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მაისაშვილი, მირცხულავა, ჩიკვაიძე (ჩიხლაძე 81), კაკუბავა (ბუხაიძე 86), სარდალიშვილი, მარკოზაშვილი, ბუღრიძე, კახაბრიშვილი (მეგრელიშვილი 65), გაბედავა
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გოლები: 1:0 ზაჰოვიჩი (70), 2:0 ტავარეში (90+6)
გაფრთხილებები: ვრჰოვეცი (9), მარკოზაშვილი (56), მაისაშვილი (80)
მსაჯი: ჰალილ უმუტი (თურქეთი)