''ქამბექით'' გამარჯვება ფსიქოლოგიურად გაგვაძლიერებს'' - ''ტორპედოს'' ფეხბურთელები გამარჯვების შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ''ტორპედომ'' შინ 2:1 დაამარცხა მოლდოვის ჩემპიონი ტირასპოლის ''შერიფი.''
ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თუმცა შემდეგ გიორგი ქიმაძემ ანგარიში გაათანაბრა, შესვენების შემდეგ კი გიორგი კუხიანიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.
საპასუხო მატჩი 18 ივლისს გაიმართება.
გთავაზობთ ''ტორპედოს'' ფეხბურთელების მატჩისშემდგომ კომენტარებს
როინ კვასხვაძე: ''ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. კარგი მატჩი გამოვიდა, თუმცა ჯერ დასრულებული არაფერია, მოლდოვაში ურთულესი მატჩი გველის.
მადლობა ქომაგებს მხარდაჭერისთვის. მათი როლი დიდია გამარჯვებაში. ვფიქრობ გულშემატკივრებს სიამოვნება მივანიჭეთ. იმედი მაქვს მათ მოლოდინს შემდეგ მატჩებშიც გავამართლებთ.
გაშვებული გოლის შემდეგ, შევძელით და თამაში შემოვატრიალეთ. ეს ფაქტორი ფსიქოლოგიურად შემდეგ შეხვედრებშიც დაგვეხმარება. მადლობა ბიჭებს ბოლომდე ბრძოლისთვის.''

გიორგი ქიმაძე: ''უპირველესად მთელ საქართველოს ვულოცავ გამარჯვებას. დასრულებული არაფერია. ყველაფერი მეორე მატჩში გადაწყდება.
რთულია ასეთ გუნდთან თამაში, რომელიც ყოველ სეზონში ევროტურნირებზე თამაშობს, თუმცა მაქსიმუმი გავიღეთ წარმატებისთვის. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ჩვენს გვერდით იყვნენ.''

მათე ცინცაძე: ''3 დღის შეკრებილი გუნდია "ტორპედო", აქედან გამომდინარე ჩვენს თამაშს დადებითად ვაფასებ. მადლობა სტადიონზე მოსულ ქომაგს. ასევე მადლობა ჩემს ყველა თანაგუნდელს, ვინც ითამაშა თუ არ ითამაშა.
ძნელია წნეხის ქვეშ თამაში, რადგან ბოლო წლების შედეგებიდან გამომდინარე ყოველთვის დიდი კრიტიკა იყო. ეს ყველაფერი არაა დამთავრებული. იმედი მაქვს ერთ კვირაშიც ანალოგიურად ვითამაშებ.''
მარეკ ჰლინკა: ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. ''შერიფი'' კარგი გუნდია და მათთან ბრძოლა გაგვიჭირდა, თუმცა გამარჯვებით ბედნიერები ვართ.
მომდევნო შეხვედრაში ''შერიფი'' ვალდებულია მინიმუმ 1 გოლი გაიტანოს. ჩვენც გოლის გატანზე ვიფიქრებთ. ვნახოთ რა მოხდება. დიდი მადლობა ქომაგებს, რომლებმაც სტადიონზე შესანიშნავი გარემო შექმნეს.''