ბელგია ნახევარფინალშია! მთავარი ფავორიტი ბრაზილია ტურნირს დაემშვიდობა!
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ყაზანში უკვე მეორე საოცარი მატჩი გაიმართა.
საფრანგეთისა და არგენტინის (4:3) თრილერის შემდეგ, ბელგიამ და ბრაზილიამ მორიგი სპექტაკლი დადგეს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი მუნდიალის ორი უდაოდ საუკეთესო მატჩი სწორედ ყაზანში შედგა.
რობერტო მარტინესის ბელგიამ ტიტეს ბრაზილია 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება.
მატჩის პირველი და მეორე ტაიმები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.
პირველ ნახევარში ბელგიამ "პენტაკამპეონები" ყველა ასპექტში დაჯაბნა და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა.
კუთხურის შემდეგ ფერნანდინიომ საკუთარი კარი დალაშქრა. ამის შემდეგ ბელგიელებმა შეხვედრის სადავეები ხელთ იგდეს და მალე მეორე ბურთიც გაიტანეს.

კევინ დე ბრუინმა კონტრშეტევა იდეალურად დააგვირგვინა და ჩვეულ სტილში უძლიერესი დარტყმით ტაბლოზე 2:0 აანთო.

მეორე ტაიმი სრულად ბრაზილიელების იყო. ტიტეს გუნდმა უამრავი მომენტი შექმნა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში მათ სიზუსტე არ ჰყოფნიდათ.
ცვლილებაზე შესულმა რენატო აუგუსტომ მატჩის დასრულებამდე 14 წუთით ადრე ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა.

გოლის დროს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ კოუტინიოს საოცარი გადაცემა, რომელმაც რამდენიმე წუთში შეხვედრის გადარჩენის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.
ნეიმარის ცრუმოძრაობისა და დროული გადაცემის შემდეგ კოუტინიო საჯარიმოში იდეალურ პოზიციაზე დარჩა და ერთი შეხებით მოულოდნელად ძალიან არაზუსტად დაარტყა.
ცალკე უნდა ვისაუბროთ ნეიმარზე, რომელმაც ძალიან ცუდი შეხვედრა ჩაატარა და ლიდერის როლის მორგება ვერ შეძლო.
ბელგიელთა ლიდერმა ედენ აზარმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. "ჩელსის" ფეხბურთელს შეხვედრაში 10 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა. მას ბურთი არცერთხელ არ დაუკარგავს. ასეთი რამ მუნდიალზე 1966 წლის შემდეგ აღარ მომხდარა.

ასევე აღნიშვნის ღირსია რობერტო მარტინესის ტაქტიკური მანევრი. დღემდე ბელგიას ამ შემადგელობით არასდროს უთამაშია. ესპანელმა სპეციალისტმა ყველაფერი იდეალურად გათვალა და გუნდი სწორად გადააწყო.
საბოლოოდ ბელგიამ მატჩი მოიგო და ნახევარფინალში ითამაშებს. ბევრის აზრით ბრაზილიამ უკეთ ითამაშა და წაგება არ დაუმსახურებია, თუმცა მარტინესის გუნდი ასე არ ფიქრობს და მომდევნო ეტაპზეც სწორედ ისინი არიან.