ლუჩიანო მოჯი: "რონალდუს ტრანსფერი უკვე დახურულია"
ბოლო დღეებია, სრულიად საფეხბურთო სამყარო კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლაზე ლაპარაკობს. ამ საკითხზე კომეტარი ლუჩიანო მოჯიმაც გააკეთა.
"იუვეს" ყოფილი გენერალური დირექტორის თქმით, პორტუგალიელის "ვეკია სინიორაში" ტრანსფერი უკვე დახურულია.
"ჩემი აზრით, იგი უკვე გუნდის წევრია და მიუნხენში, "იუვენტუსთან" ერთად სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ არაერთ მნიშვნელოვან პიროვნებას ვესაუბრე". - აცხადებს მოჯი, რომელიც "ბებერ ქალბატონში" 1994-2006 წლებში მუშაობდა.
ლუჩიანო მოჯის რონალდუს "იუვეში" გადაყვანის მცდელობა 2002 წელს ჰქონდა, როცა მოლაპარაკებებს ლისაბონის "სპორტინგთან" მართავდა. მაშინ კრიშტიანუ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე "ცხელ" ტალანტად სახელდებოდა.
"მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდებოდა. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ ჩვენ გარკვეულ თანხასთან ერთად, ლისაბონში მარსელო სალასი უნდა გაგვეშვა, რომელმაც "სპორტინგში" გადასვლაზე უარი თქვა და "რივერ პლეიტში" წავიდა.
ამის შემდეგ, პორტუგალიელებს 18 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს ვთავაზობდით, თუმცა გარიგება აღარ შედგა".
ამასობაში ვრცელდება ცნობები, რომ 33 წლის პორტუგალიელმა ტურინში ერთ-ერთი ვილა დაარეზერვა, სადაც ქირის სანაცვლოდ უნდა იცხოვროს.
სახლი 200 ოთხასიგან შედგება, რომელთაგანაც 8 საძინებელია. აქ წლების მანძილზე ზინედინ ზიდანი და ფაბიო კანავაროც ცხოვრობდნენ, რომლებსაც წელიწადში 600 ათასი ევროს გადახდა უწევდათ. ვილის მახლობლად კი "იუვენტუსის" მფლობელი, ანდრეა ანიელი ცხოვრობს.