ტიმის თვალებივით სევდიანი...
Aa
Aa

ტიმის თვალებივით სევდიანი...

„სან ანტონიოს“ ცხოვრება 1967 წელს დაიწყო, ისტორია კი 1996-ში... Alamodome-ში (მაშინდელი არენა) ახალი კაცი, გრეგ პოპოვიჩი შევიდა. ახალი, მაგრამ თან ძველი, მას ამ კლუბში 1988-1992 წლებში მწვრთნელის ასისტენტად ემუშავა. 

აშშ-ს მოსახლეობით მე-7 ქალაქში, თითქოს ახალი, სქელი ფურცელი გადაიშალა... რომელზეც შემდეგში დიდი, ეპიკური ამბავი უნდა დაწერილიყო... 

ერთ წელიწადში გუნდში პატარა ბიჭი მოიყვანეს, ჩუმი, მორცხვი... მას ძალიან კეთილი სახე ჰქონდა, რაღაცნაირად სევდიანი თვალებით...

„სან ანტონიოში“ ყველაზე დიდი მეგობრობა იწყებოდა, დიდი გრეგისა და პატარა ტიმისა. 

მეგობრებმა ერთად 5-ჯერ მოიგეს ის, რასთანაც გუნდი მანამდე ახლოსაც არ ყოფილა. მიდიოდნენ ლიდერები, იცვლებოდა როლები, ესენი კი სულ მთავარ როლში იყვნენ და... კარგად თამაშობდნენ. 

პატარა ბიჭის პირველი აღიარება 1998-1999 წლების სეზონი იყო. „სან ანტონიო“ ფინალში „ნიუ იორკ ნიქსს“ დაეჯახა და 4:1. ფინალის MVP – 23 წლის ტიმ დანკანი.

2002 წელს გუნდში არგენტინელი ემანუელ ჯინობილი მოდის, რომლისთვისაც სადებიუტო სეზონშივე „სპერსმა“ კიდევ ერთი ფინალი მოხსნა, „იმათთვის“ მეორე, „ამისთვის“ პირველი. 

მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, იყო ამაღლებები... იყო ტიმის თვალებივით სევდიანი მომენტებიც. მაგრამ სწორედ ამ სევდის დამსახურებაა, რომ „სან ანტონიო“ ყოველთვის და ყველასთან ფავორიტი იყო... მას სათავეში გენიოსი ედგა, რომლისთვისაც თითოეული მარცხი და ცუდი სერია ნაყოფიერი გაკვეთილი იყო, ბრძოლა, რომელიც მას და მის ბიჭებს ასმაგად ზრდიდა და აძლიერებდა... 

ეს ის „სან ანტონიოა“, რომელიც მარცხდებოდა, მაგრამ დამარცხებული არასდროს ყოფილა... ბიჭებმა იცოდნენ, რომ ის ორი მეგობარი ნებისმიერ სიტუაციას მოაგვარებდა. 

მათი შექმნილია ის, რასაც „სან ანტონიო“ და მისი გენიალურობა ჰქვია. ის, რაც არასდროს განმეორდება. გაგრძელდება, მაგრამ თან არც გაგრძელდება...

2016 წლის 12 მაისის ღამეა. „სან ანტონიო“ „ოკლაჰომასთან“ სერიას 3:2 აგებს. საკალათბურთო სამყაროს გული უფანცქალებს... შეიძლება ეს ბოლო იყოს... 

გაუშვა დიურანტმა და ჩააგდო... „ოკლაჰომამ“ სერია მოიგო... კალათბურთმა წააგო... 

ისინი, წავიდნენ, მათ გარეშე NBA სხვა იქნება, სულ სხვა... 

და ამას ოქტომბერში ვიგრძნობთ, როცა პარკეტზე სხვები გამოვლენ... სიცარიელე, დაუნდობელი სიცარიელე...

ეს უკვე ისტორიაა. დაუვიწყარი, თაროზე შემოსადები, რომელიც ისე ხშირად უნდა იკითხო, რომ საქმეში მტვერი არ ჩაერიოს... 

„დრონი მეფობენ, და არა მეფენი“... ამას არ დაუჯეროთ!.. მინიმუმ იქამდე, სანამ თაროზე შემოდებულს მტვერი არ დაედება... 

 

ირაკლი ფოფხაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები