თითქმის გადაწყვეტილია! - ბუფონი
Aa
Aa

თითქმის გადაწყვეტილია! - ბუფონი "პსჟ"-ს მომავალ კვირას შეუერთდება?

იტალიური და ფრანგული გამოცემების ერთობლივი ცნობებით, ჯანლუიჯი ბუფონმა "პარი სენ ჟერმენში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა და კლუბთან კონტრაქტის დეტალებზეც მოილაპარაკა.

40 წლის მეკარეს ტურინის "იუვენტუსთან" ხელშეკრულება გუშინ ამოეწურა და ამიერიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

როგორც ირკვევა, ვეტერანი გოლკიპერი პარიზში მომავალ კვირას ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.

ფრანგული გამოცემები წერენ, რომ "ჯიჯი" ახალ კლუბთან 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, წლიურ ხელფასად კი 8 მილიონ ევროს მიიღებს.

ჯანლუიჯი ბუფონი "იუვენტუსში" 2001 წლის შემდეგ თამაშობდა. იგი ტურინში "პარმადან" მივიდა, მას შემდეგ კი "ვეკია სინიორასთან" ერთად 17 საფეხბურთო სეზონი ითამაშა.

ლეგენდარული მეკარის ტიტულატურაშია: უეფას თასი, 9-ჯერ სერია A, 5-ჯერ იტალიის თასი, 6-ჯერ იტალიის სუპერთასი, მსოფლიო ჩემპიონატი და 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები