''ტორპედო'' ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება - პირველი ტრანსფერი განხორციელდა
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის ''ტორპედო'' ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ეროვნული ლიგის გამარჯვებულმა ჩეხური ოსტრავას ''ბანიკიდან'' 27 წლის სლოვაკი ნახევარმცველი მარეკ გლინკა დაიმატა. ქართული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით გლინკა ''ტორპედოსთვის'' 2019 წლის ბოლომდე ითამაშებს.

გლინკა სლოვაკურ ''დუკლაში,'' ტრნავას ''სპარტაკსა'' და ''სტალიცაში'' თამაშობდა. ლეგიონერის ამპლუაში ჩეხურ გუნდებში ასპარეზობდა. სლოვაკეთის 19 და 21 წლამდე ნაკრებების ყოფილი წევრი პრაღის ''დუკლასა'' და ოსტრავას ''ბანიკში'' გამოდიოდა. გასულ სეზონში გლინკამ ჩეხეთის ელიტარულ ჩემპიონატში 26 მატჩში 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ''ტორპედოს'' მეტოქე მოლდოვური ''შერიფი'' იქნება, რომელმაც გასულ სეზონში მოლდოვის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, კახა ჩხეტიანის გაწვრთნილმა ''ტორპედომ'' 2017 წლის ეროვნული ლიგის გათამაშება მოიგო და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.
პირველი შეხვედრები 10/11 ივლისს გაიმართება. ქუთაისის ''ტორპედო'' პირველ მატჩს შინ გამართავს. საპასუხო შეხვედრა 17/18 ივლისს შედგება.
''შერიფის'' გარდა საქართველოს ჩემპიონის სავარაუდო მეტოქეები შემდეგი გუნდები იყვნენ: ''ყარაბაღი'' (აზერბაიჯანი), ''აპოელი'' (კვიპროსი), ''ნიუ საინთსი'' (უელსი), ''ვიდეოტონი'' (უნგრეთი).
2018-19 წლების სეზონში უეფა ჩემპიონთა ლიგაზე ახალ წესს დანერგავს, რომლის მიხედვით ყველა ჩემპიონი გუნდი მეორე შანსს მიიღებს და ევროპა ლიგაზე გადაერთვება. ასე რომ თუ ''ტორპედო'' დამარცხდა, ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.