Aa
Aa

ისტორიაში პირველად! - შემდეგ ეტაპზე გამსვლელი მიღებულმა ბარათებმა გადაწყვიტა!

მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ახალი ფურცელი მას შემდეგ ჩაიწერა, რაც დღეს H ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრები ჩატარდა და სენეგალსა და იაპონიას შორის, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი, მიღებული ბარათების რაოდენობამ გადაწყვიტა.

იაპონელები, რომელთაც 4 ქულა ჰქონდათ და ფრის შემთხვევაში 1/8 ფინალში გადიოდნენ, უმოტივაციო პოლონეთს ხვდებოდნენ, პარალელურ მატჩში კი, ასევე 4 ქულიანი სენეგალი 3 ქულიან კოლუმბიას უპირისპირდებოდა.

თამაში არც მაინცდამაინც სანახაობრივი გამოდგა და მომენტებიც მწირი რაოდენობით შეიქმნა. პირველი კარგი შანსი მე-13 წუთზე იაპონელებმა მიიღეს, როცა ხელსაყრელი პოზიციიდან, შინჯი ოკაზაკიმ ააცილა.

ტერიტორიულ უპირატესობას პოლონეთი ფლობდა, თუმცა მის შეტევებს სიმწვავე აკლდა, აი აზიელებს კი ეტყობოდათ, რომ ქულაზეც თანახმა იყვნენ.

აკირა ნიშინოს გუნდი ფრთხილად თამაშობდა და ცდილობდა, რომ ბურთი საჯარიმოდან მაქსიმალურად შორს დაეჭირა, რათა მეტოქეს ხიფათის შექმნის საშუალება არ მისცემოდა, შედეგად, პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.

შეხვედრის 59-ე წუთზე, იაპონელთა კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც დასარტყმელად არა, მაგრამ ჩასაწოდებლად ნამდვილად კარგი ვარიანტი გახლდათ.

რაფალ კურზავამ ბურთი საჯარიმო მოედანზე ჩაჰკიდა, სადაც ყველას იან ბედნარეკმა აჯობა, კარგი პოზიცია შეარჩია და ეიჯი კავაშიმას შანსი არ დაუტოვა.

 

 

ეს ანგარიში იმ დროისათვის ნიშნავდა, რომ შემდეგ ეტაპზე კოლუმბია და სენეგალი უნდა გასულიყვნენ, რადგან სამხრეთ ამერიკელები აზიელებს ბურთების შეფარდებით სჯობდნენ, სენეგალი კი სულაც 5 ქულას აგროვებდა.

იაპონელები შედარებით გააქტიურდნენ, თუმცა როცა გაიგეს, რომ კოლუმბიამ სენეგალს გაუტანა, უფრო იმაზე გადაერთნენ, რომ ბარათი აღარ მიეღოთ, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი გამოდგა.

სხვათაშორის, ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩის გათვალისწინებით, იაპონიის ნაკრების ფეხბურთელებმა თამაშის წესი ყველაზე მცირე რაოდენობით დაარღვიეს - ისინი 28-ჯერ დაჯარიმდნენ.

მატჩების დასრულების შემდეგ, იაპონიასა და სენეგალს თანაბარი ქულები, ბურთების სხვაობა და გატანილ-გაშვებული გოლების მაჩვენებელი ჰქონდათ, შესაბამისად, 1/8 ფინალში გამსვლელი მიღებული ბარათების რაოდენობას უნდა გადაეწყვიტა. ჯგუფურ ეტაპზე, სენეგალელებმა 6 ყვითელი ბარათი დაიმსახურეს, იაპონელებმა კი - 4, რამაც ბოლო 16 გუნდში აზიელები გაიყვანა.

მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდი ფეარ-პლეიმ და კონკრეტულად, მიღებულმა ბარათების რაოდენობამ გადაწყვიტა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ 1986 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ მუნდიალის 1/8 ფინალში ვერცერთი აფრიკული ნაკრები ვერ გავიდა.

კოლუმბიის ნაკრებმა 6 ქულით, ჯგუფის პირველი ადგილი დაიკავა და 1/8 ფინალში G ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება. იაპონიის ეროვნული გუნდი კი G ჯგუფის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები