Aa
Aa

უხვგოლიანი და დაძაბული მატჩი ეკატერინბურგში - ინტრიგა ბოლო ტურამდე!

H ჯგუფის ორი ლიდერის - იაპონიისა და სენეგალის ნაკრებთა დაპირისპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და პირველადგილოსანი ბოლო ტურში უნდა გაირკვეს.

აფრიკელებმა დღევანდელი მატჩი აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-11 წუთზე დაწინაურება შეძლეს. სადიო მანეს გაუმართლა, რადგან საბალის დარტყმის შემდეგ, მეკარემ ბურთი ცუდად მოიგერია, პირდაპირ მას მოარტყა და ანგარიშიც ასე უცნაურად გაიხსნა.

"ლივერპულის" შემტევმა მიმდინარე მუნდიალზე პირველი ზუსტი დარტყმა შეასრულა და შედეგსაც მიაღწია. მან სენეგალელთა ისტორიაში, მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე, ყველაზე სწრაფი გოლი შეაგდო.

ვერ ვიტყვით, რომ გაშვებული გოლის შემდეგ, იაპონია განსაკუთრებულ უპირატესობას დაეუფლა, იგი ეტაპობრივად უტევდა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება პირველსავე ტაიმში მოახერხა.

34-ე წუთზე, აფრიკელთა დაცვა ჩავარდა, ნაგატომომ კარგად ითამაშა, ბურთი ინუის გადააწოდა, რომელმაც შორეულ დაბალ კუთხეში მოხდენილად დაარტყა. მეკარეს ვერ დავადანაშაულებთ, აი მცველებს კი გაცილებით ყურადღებით თამაში მართებდათ.

30 წლის ინუიმ, მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე, თავისი სადებიუტო გოლი მიითვალა.

პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა, რაც ლოგიკური შედეგი იყო, თუმცა მოგება სენეგალის ნაკრებსაც შეეძლო, რომელიც შედარებით უპირატესობას ფლობდა.

მეორე ნახევარი თანაბარი ბრძოლის ფონზე წარიმართა და დიდად არცერთი გუნდი რისკავდა. გამონაკლისი 71-ე წუთზე, სენეგალელთა მიერ განვითარებული შეტევა გამოდგა, როცა ნიანგმა პასი უკანა ძელთან გააკეთა, სადაც განაპირა მცველი, ვაგუე აღმოჩნდა, რომელმაც ძლიერი დარტყმით გაიტანა.

იაპონელთა თავკაცმა მომენტალურად შეცვლა განახორციელა და მოედნიდან შინჯი კაგავა გაიყვანა, თამაშში კი კეისუკე ჰონდა ჩართო.

აკირა ნიშინოს სვლამ შედეგი მალევე მოიტანა. 78-ე წუთზე, ინუიმ გამჭოლი პასი შეასრულა, სენეგალის დაცვა კიდევ ერთხელ დაიბნა და ჰონდამ თითქმის დაუცველ კარში შეაგდო, რითაც მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

იაპონიამ და სენეგალმა 4-4 ქულა დააგროვეს და ბოლო ტურის წინ, ყველა ვარიანტში ჯგუფის ლიდერები იქნებიან. გადამწყვეტი რაუნდი კი 1/8 ფინალისტებს გამოავლენს და არის იმის შანსიც, რომ ორივე გუნდი გავიდეს და ორივე ჯგუფში ჩარჩეს, საამისოდ დღეს პოლონეთმა და კოლუმბიამ ფრე უნდა ითამაშონ. ბოლო ტურში, იაპონია პოლონეთს შეხვდება, ხოლო სენეგალი - კოლუმბიას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები