დურანტმა კვლავ ტრავმა მიიღო
Aa
Aa

დურანტმა კვლავ ტრავმა მიიღო

"ოკლაჰომა-სიტის" ერთ-ერთმა ლიდერმა კევინ დურანტმა ისევ ტრავმა მიიღო და მისი გამოჯანმრთელების ზუსტი ვადები ცნობილი არ არის. "დურანტულამ" "ვაშინგტონთან" გასვლითი მატჩის მეორე ტაიმი ვეღარ ითამაშა, ასეთ დროს კი, "თანდერს" წინ მიუძღვის რასელ უესტბრუკი.

შარშან, ეს კალათბურთელი დურანტის არყოფნაში ფანტასტიკურ თამაშს აჩვენებდა და სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზის რეალური პრეტენდენტი იყო. და ამჯერადაც გაიბრწყინა. მატჩის ბოლოს, გამთამაშებელმა შთამბეჭდავი სტატისტიკა შეაგროვა - 22 ქულა, 11 მოხსნა და 11 შედეგიანი პასი. ეს უესტბრუკის პირველი სამმაგი დუბლია სეზონში. საინტერესოა, რომ ამისთვის რასელს მხოლოდ 28 წუთი სათამაშო დრო დასჭირდა.

რაც შეეხება "ვაშინგტონს", მან ზედიზედ მესამე მატჩი წააგო მინიმუმ 15-ქულიანი სხვაობით. ბოლოს ასეთი რამ კლუბის ისტორიაში 2011 წლის მარტში მოხდა.

"მინესოტას" დებიუტანტმა ცენტრმა კარლ-ენტონი თაუნსმა 19 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა "შარლოტის" წინააღმდეგ. შესაბამისად, 2015 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა მეხუთე ორმაგი დუბლი შეასრულა პირველ შვიდ მატჩში.

ის გახდა მეოთხე მოთამაშე ბოლო 30 წელიწადში, ვინც ამგვარი მიღწევა დააფიქსირა. მანამდე ეს გააკეთეს შაკილ ო'ნილმა, დიკემბე მუტომბომ და დევიდ რობინსონმა.

"მინესოტას" ენდრიუ უიგინსის გარეშე მოუწია თამაში და დათმო შეხვედრა - 95:104.

"იუტა ჯაზზე" გამარჯვება მეშვიდე იყო პირველ რვა მატჩში "კლივლენდისთვის". ასე რომ, გუნდმა 1988-89 წლების სეზონის შემდეგ, საუკეთესო სტარტი აჩვენა. გასულ სეზონში, "კლივლენდს" რვა მატჩის შემდეგ ხუთი მატჩი ჰქონდა მოგებული.

გუშინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "კავალიერზის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა საკუთარ თავს მეფური საჩუქარი გაუკეთა - 21 მილიონად შეიძინა სახლი ლოს ანჯელესში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები