"როგორ შეიძლება ამ ადრენალინის გარეშე ვიცხოვრო? ეს არ არის ეშმაკი, ეს ანგელოზია"
როგორც ჩანს, არსენ ვენგერი სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას კვლავ გეგმავს.
"არსენალში" 22 წლიანი კარიერის დასრულების შემდეგ ბევრს ეგონა, რომ ვენგერი სამუშაოდ აზიაში წავიდოდა და ელიტურ სამწვრთნელო საქმიანობას ჩამოშორდებოდა.
ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, ის უახლოეს 2 კვირაში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ევროპულ პრესაში ვენგერის "რეალში" დანიშვნას აქტიურად განიხილავენ.
ზინედინ ზიდანის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი სწორედ ვენგერია.

Telefoot-თან საუბრისას ვენგერმა შემდეგი რამ თქვა: "ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხს უახლოეს 15 დღეში გავცემ. დიახ, მე მსურს, რომ კვლავ ვიყო მწვრთნელი.
ვარ, თუ არა მზად მორიგი გიჟური გამოწვევისთვის? არ ვიცი.
ეს არის სამუშაო, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა სჭირდება. ცოტა დრო მჭირდება, რომ მოვიფიქრო.
რა მაბრკოლებს? ის, რაც ჩემშია. მწვრთნელის ცხოვრება მომენატრება. როგორ შეიძლება ამ ადრენალინის გარეშე ვიცხოვრო?
გამოცადო და შეიგრძნო ეს დიდებული თამაში. მატჩის შემდგომი ემოციების სხვებისთვის გაზიარება. ძნელია ამ ყველაფრის გარეშე ცხოვრება.

ეს არ არის ეშმაკი, ეს ანგელოზია.
ფეხბურთმა მე შესანიშნავი ადამიანების გაცნობის საშუალება მომცა. ეს ის ხალხია, რომლებმაც ხელი გამომიწოდეს და დამეხმარნენ იმის გაკეთებაში, რაც მე შევქმენი".
შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე არსენ ვენგერისა და მაურისიო პოჩეტინოს კანდიდატურები სიაში მოწინავე პოზიციებზე იმყოფება.