ლუსიენ ფავრი ბუნდესლიგაში დაბრუნდა - შვეიცარიელი ''დორტმუნდს'' გაწვრთნის
Aa
Aa

ლუსიენ ფავრი ბუნდესლიგაში დაბრუნდა - შვეიცარიელი ''დორტმუნდს'' გაწვრთნის

საფეხბურთო კლუბ ''დორტმუნდის'' მთავარ მწვრთნელად ლუსიენ ფავრი დაინიშნა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით 60 წლის სპეციალისტი 2020 წლის 30 ივნისამდე უხელმძღვანელებს გერმანულ კლუბს. ფრანგულ ''ნიცაში'' მისვლამდე ფავრი  გასულ ათწლეულში ბერლინის ''ჰერტასა'' და ''გლადბახს'' ედგა სათავეში. ლუსიენ ფავრიმ ავსტრიელი პეტერ შტიოგერი შეცვალა.

ამ ეტაპზე ფავრის არ დაუსახელებია სამწვრთნლო შტაბი. ასევე არ უსაუბრია ზაფხულის მოსამზადებელი ეტაპის შესახებ.

''დორტმუნდის'' მთავარი მწვრთნელობა ძალიან მიმზიდველი სამსახურია. კლუბის ხელმძღვანელებს დიდი მადლობა ნდობის გამოცხადებისთვის. ''დორტმუნდი'' ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კლუბია. მოუთმენლად ველი ბუნდესლიგაში დაბრუნებას. გერმანიის ჩემპიონატს კარგად ვიცნობ. საფრანგეთში მოღვაწეობის ორწლიან პერიოდში ბუნდესლიგის მატჩებს თვალს ვადევნებდი'' - აღნიშნა ფავრიმ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

ბუნდესლიგის 2017-18 წლების სეზონში ''დორტმუნდმა'' მეოთხე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. შემდეგ სეზონში დორტმუნდელთა მიზანი ჩემპიონტა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და მიუნხენის ''ბაიერნისთვის'' კონკურენციის გაწევა იქნება.

შვეიცარიელი სპეციალისტი 2007-09 წლებში ბერლინის ''ჰერტას'' მთავარი მწვრთნელი იყო, 2011-15 წლებში კი ''გლადბახს'' წვრთნიდა. Sport1-ის ვერსიით 2011 წლის გერმანიის საუკეთესო მწვრთნელად ფავრი დასახელდა.

2016 წლიდან გასული სეზონის ბოლომდე ფავრი ფრანგულ ''ნიცას'' წვრთნიდა, რომელიც პირველ სეზონში ლიგა 1-ში მესამე ადგილზე გაიყვანა და შემდეგ გუნდმა ევროპა ლიგაზე იასპარეზა.

1983 წელს ფავრი შვეიცარიის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნიეს. 1985 წელს ''სერვეტესთან'' ერთად შვეიცარიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

2000 წელს ფავრი ''სერვეტეში'' მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დაბრუნდა და ერთი წლის შემდეგ ლუსიენის ხელმძღვანელობით ჟენევურმა გუნდმა შვეიცარიის თასი მოიგო.

სამწვრთნელო კარიერის ბუნდესლიგაში გაგრძელებამდე ლუსიენ ფავრი 2003-07 წლებში ''ციურიხის'' მთავარი მწვრთნელი იყო. ფავრის გუნდმა შვეიცარიის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო (2006 და 2007 წლებში).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები