ის, რაც ბევრმა არ იცის - რეალურად, რამდენი წუთი ეთმობა ფეხბურთის თამაშს?
Aa
Aa
19 მაისი 2018  |  13:37

ის, რაც ბევრმა არ იცის - რეალურად, რამდენი წუთი ეთმობა ფეხბურთის თამაშს?

"ფინალებს არ თამაშობენ, მათ გამოიმუშავებენ" - ეს ფრაზა ალფრედო დი სტეფანოს ეკუთვნის და საფეხბურთო სამყაროში ის მალე დამკვიდრდა.

გუნდები როგორც კი ფინალის საგზურს მოიპოვებენ, მაშინვე მის მოგებაზე იწყებენ ფიქრს. ასეთ დროს სანახაობა და ნამდვილი ფეხბურთის თამაშზე საუბარი უკანა პლანზე გადადის - მათი საზრუნავი თასის ხელში ჩაგდება ხდება.

ბოლო ფინალი, რომელიც ჩვენ ვნახეთ ლიონში შედგა, სადაც ევროპა ლიგის თასი "მარსელმა" და მადრიდის "ატლეტიკომ" გაითამაშეს.

საინტერესოა, თუ რამდენ ხანს თამაშობენ გუნდები ფეხბურთს? 90 წუთი და პლიუს რასაც მსაჯი დაამატებს? არა, რა თქმა უნდა არა.

ლიონში გამართული ფინალი ამ კითხვას მკაფიოდ და გასაგებად პასუხობს. "მარსელისა" და "ატლეტიკოს" შეხვედრაში ფეხბურთელებმა მხოლოდ 46 წუთი და 42 წამი ითამაშეს. და რაში დაიხარჯა დაარჩენი დრო? ტრავმები, ჯარიმები, ბარათების დროს გაუთავებელი საუბრები, კუთხურები, გოლები, ცვლილებები, თამაშგარეები - მატჩის ფაქტიურად ნახევარი ამ ჩამონათვალში იხარჯება.

ეს ფინალი უდაოდ ანტირეკორდია და მისი მთავარი "შემოქმედი" "ატლეტიკოა", რომელიც თამაშის მოკვლის ნამდვილი დიდოსტატია.

შეხვედრის საწყის წუთებში "მარსელი" ბურთს 61%-ით ფლობდა, თუმცა მისი გამოყენება ვერ შეძლო.

"ატლეტიკომ" პირველ ნახევარში ბურთი მხოლოდ 8 წუთისა და 59 წამის განმავლობაში დაიჭირა და ეს საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ მათ ანგარიში გაეხსნათ. "როხიბლანკოს" ქომაგები იმ მომენტისთვის ხელს სიამოვნებით მოაწერდნენ, რომ მთავარ არბიტრს მატჩი დაესრულებინა.

მეორე ტაიმში "ატლეტიკო" ცდილობდა, რომ ბურთს მაქსიმალურად გაფრთხილებოდა. მათ 2 გოლის გასატანად 11 წუთი ეყოთ.

ევროპა ლიგის წინა მატჩები, რომელიც "ატლეტიკომ" წლევანდელ სეზონში ჩაატარა, არცერთ შეხვედრაში გუნდებს ფეხბურთი 54 წუთზე მეტი არ უთამაშიათ.

ფეხბურთის თამაში მადრიდელთა მონაწილეობით ყველაზე დიდ ხანს "არსენალთან" ჩატარებული მატჩები და დალისაბონში "სპორტინგთან" გასვლითი შეხვედრა გაგრძელდა - დაახლოებით 60 წუთი.

თანამედროვე ფეხბურთში მატჩებში თამაშის საშუალო ხანგრძლივობა 60 წუთია და დარჩენილი დრო ჩვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილ მომენტებში იხარჯება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები