ხულიან ალვარესი
Aa
Aa

კანონით ეს შეუძლია - ალვარესი ბარსელონაში: ნამდვილად ბოლო შანსია

ხულიან ალვარესის სატრანსფერო საგა გადამწყვეტ ფაზაში შედის და ნელ-ნლეა ყველაფერი უფრო ჩახლართული, მაგრამ საინტერესო ხდება.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ალვარესს კვლავ რჩება იურიდიული შესაძლებლობა, დატოვოს „ატლეტიკო“ და „ბარსელონაში“ გადავიდეს. კლუბებს შორის პირდაპირ შეთანხმება პრაქტიკულად შეუძლებელია. ასეთ სიტუაციაში არგენტინელ თავდამსხმელს შეუძლია ისარგებლოს პროფესიონალი სპორტსმენების შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი რეგლამენტის დებულებებით და მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტოს.

მე-16 მუხლი ითვალისწინებს, რომ სპორტსმენის ინიციატივით, კლუბის ბრალეულობის გარეშე კონტრაქტის შეწყვეტისას, ამ უკანასკნელს კომპენსაციის მიღების უფლება აქვს. თუ მისი ოდენობა მხარეების მიერ წინასწარ არ არის შეთანხმებული, თანხას შრომითი სასამართლო განსაზღვრავს სპორტული გარემოებების, კლუბისთვის მიყენებული ზიანის, გაწყვეტის მიზეზებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

თუ კონტრაქტის გაწყვეტიდან ერთი წლის განმავლობაში ალვარესი სხვა კლუბთან გააფორმებს ხელშეკრულებას, ახალ გუნდს კომპენსაციის გადახდაზე სუბსიდიური პასუხისმგებლობა დაეკისრება. ამრიგად, „ბარსელონაში“ გადასვლის შემთხვევაში, შესაბამისი ხარჯები შესაძლოა კატალონიელებს დააწვეთ. ამასთან, Mundo Deportivo აღნიშნავს, რომ საუბარი ნაკლებად სავარაუდოა ეხებოდეს ალვარესის გამოსასყიდი თანხის სრულ ოდენობას, რაც 490 მილიონ ევროს შეადგენს. სასამართლოს კომპენსაციის ოდენობის დამოუკიდებლად განსაზღვრა მოუწევს.

26 წლის ფორვარდის კონტრაქტი „ატლეტიკოსთან“ 2030 წლამდეა გათვლილი. გამოცემის თანახმად, ალვარესი წელიწადში დაახლოებით 12,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს - გადასახადების დაქვითვის შემდეგ კი სუფთად დაახლოებით 6,2 მილიონ ევროს.

შეგახსენებთ, ხულიან ალვარესი უკვე 3 დღეა „ატლეტიკოსთან” ერთად არ ვარჯიშობს. ფეხბურთელმა კლუბს ოფიციალური სამედიცინო დასკვნა წარუდგინა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ფეხბურთელს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და დეპრესიით იტანჯება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები