მისთვის უჩვეულო პოზიციაზე გაამართლა | გოჩოლეიშვილის კარგი თამაში და გამარჯვება
ლა ლიგა 2-ის მე-15 ტურში რეალ სოსიედადის B გუნდი შინ კადისთან 0:3 დამარცხდა.
კადისის მთავარმა მწვრთნელმა ბორხა ხიმენესმა გიორგი გოჩოლეიშვილი მარცხენა მცველის პოზიციაზე 90 წუთი ათამაშა. ამპლუით მარჯვენა მცველს საპირისპირო ფლანგზე კოპენჰაგენში უთამაშია, ამ პოზიციაზე თამაშის მცირე გამოცდილება აქვს. დღეს თავი კარგად წარმოაჩინა, საიმედო და დამაჯერებელი იყო და შესაძლოა მომდევნო შეხვედრებშიც მარცხენა მცველად ვიხილოთ.
პირველი ტაიმის შემდეგ ესპანელმა ჟურნალისტმა ხოსე მანუელმა, რომელიც La Voz de Cádiz-სთვის და COPE Cádiz-ისთვის მუშაობს, გოჩოლეიშვილის შესახებ X-ში დაწერა: „მარცხენა მცველის პოზიციაზე გოჩოლეიშვილის საუკეთესო ვერსიას ვხედავთ „კადისში“ გადასვლის შემდეგ. უკვე მხოლოდ ბურთით შიგნით შეწევას კი არ ვაკვირდებით, არამედ დაცვითი ხარვეზებიც შეამცირა. ვნახოთ, მეორე ტაიმშიც ასე თუ გააგრძელებს''.
Viva Cádiz-ის ჟურნალისტმა ხესუს მაიონემ X-ში გოჩოლეიშვილზე დაწერა: „კვლავ კარგი პირველი ტაიმი „კადისისგან“. დღეს ნამდვილად სოლიდურად გამოიყურება. ძალიან კარგია გოჩოლეიშვილი მარცხენა ფლანგზე — ისეთ რთულ გამოცდასთან გამკლავების ფონზე, როგორიც დანი დიასია''.
20 წლის დანი დიასს ესპანეთის 16, 17 და 19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია, „სოსიედადის’’ პირველ გუნდში გამოსვლის გამოცდილებაც აქვს. გოჩოლეიშვილი მის წინააღმდეგ თამაშობდა და თავი კარგად წარმოაჩინა.
გოჩოლეიშვილის თანაგუნდელი იური ტაბატაძე ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ დაბრუნებასთან ახლოსაა. სავარაუდოდ, დეკემბერში გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს