გოლს ვერ ვიტანთ და ეს უბრალოდ წარმოუდგენელია | სვანაძე უნგრეთთან მარცხზე
ერთა ლიგის B ლიგის მეორე ჯგუფის მე-5 ტურში საქართველო მიხეილ მესხზე უნგრეთთან 0:2 დამარცხდა.
73-ე წუთზე როლანდ შალაიმ მეორე სართულზე ლაშა დვალს ორთაბრძოლა მოუგო, ბურთი დვალს მოხვდა და კარის ბადეში აღმოჩნდა. დვალის ავტოგოლი დაფიქსირდა. 85-ე წუთზე ბარნაბას ვარგამ ანგარიში ორამდე გაზარდა.
მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მედიასთან ისაუბრა.
„მეორე ტაიმში უნგრეთის ნაკრებმა ტემპს მოუმატა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს კართან ბევრი ხიფათი იქმნებოდა. რა ხიფათებიც ჩვენს კართან შეიქმნა, გეთანხმებით, სტანდარტულების დამსახურება იყო. ვეცადეთ მაქსიმალურად დაბალანსებული შემადგენლობით გვეთამაშა. ვგულისხმობ, თუნდაც მოთამაშეების სიმაღლეებს. რამდენიმე ფეხბურთელის სასტარტოში დაყენება ძალიან მინდოდა, თუმცა სასტარტოში იმიტომ არ დავაყენე, რომ სტანდარტული მდგომარეობები გავითვალისწინე.
სამწუხაროა, რომ გოლი მივიღეთ, მცირე უყურადღებობა იყო როგორც გოლამდე (სავარაუდოდ, პირველ გოლს გულისხმობს), ასევე მანამდეც.
სტანდარტულის შეცვლა თამაშის პროცესში ძალიან რთულია. უბრალოდ, იქ ყველაფერს ყურადღება, კონცენტრაცია და მილიმეტრები წყვეტს და ის შემთხვევა, რომელიც საბოლოო ჯამში დაგვემართა. სამწუხაროა, რაც მე ვარ ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სტანდარტულიდან გოლი პირველად გავუშვით, თუმცა რას ვიზამთ, ამ ეტაპზე ჩვენი რეალობა ესაა.
რაც შეეხება ტაქტიკური კუთხით ჩემს შეცდომას, პირველი ტაიმის შემდეგ შესაცვლელი არაფერი იყო. პირიქით, ვთვლი რომ ასეთი კარგი პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებს დიდი ხანია არ ჰქონია.

ძალიან სამწუხაროა ის, რომ გოლი ვერ გაგვაქვს, ეს ყველაფერი უბრალოდ წარმოუდგენელია. თუ წინა თამაშებში მომენტების სიმწირე გვქონდა, დღეს მომენტები შევქმენით. თუნდაც მეორე ტაიმის დასაწყისში ორი ისეთი მომენტი გვქონდა, აუცილებლად გოლით უნდა დაგვესრულებინა. როცა მოედნის ცენტრიდან მეტოქესთან ორი/ერთზე ვრჩებით, უპირატესობა გვაქვს, შეტევა გოლით და მინიმუმ კარში დარტყმით უნდა დავასრულოთ.
პრობლემები ჩვენშია და ვეცდებით ეს ყველაფერი გამოავასწოროთ.
გამოსავალი მოგებაა და რაც შეიძლება სწრაფად. ამ კუთხით ფსიქოლოგიური მხარე არ არის ისეთი, არ არის ისეთ დონეზე, როგორზეც უნდა იყოს. თითქოს რწმენა დავკარგეთ, თუმცა ისიც კარგად ვიცით, თუ საიდან მოდის ეს ყველაფერი. ფაქტია, ჩავარდნა გვაქვს, ამას ვერავინ გავექცევით. ისიც ფაქტია, რომ რთულ დროს გავდივართ. ამას დაემატა რამდენიმე ფეხბურთელის არყოფნა, მათთან ერთად ჩვენი თამაში სხვანაირი იქნებოდა, თუმცა რაც გუშინ ვთქვი, იმას გავიმეორებ. დანაკლისების მიუხედავად დღესაც გვყავდა მოედანზე ის ფეხბურთელები, რომლებსაც საშემსრულებლო ოსტატობა არ აკლიათ. არ ვიცი, ეს ყველაფერი, რას მივაწერო. ვარჯიშზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ.

იმედს ვიტოვებ, რომ რამდენიმე დღეში დადებითი შედეგით წამოვალთ, გოლებს გავიტანთ. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ბიჭებმა ეს იციან, ჩვენ ეს ვიცით. ამ თემაზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. მე მაინც ფსიქოლოგიურ მომენტს აღვნიშნავდი, რადგან ხარისხობრივად დღესაც გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ.
ცვლილებებზე მოგვიანებით ვიფიქრებთ, მას შემდეგ რაც ფეხბურთელების მდგომარეობა შეფასდება და უნგრეთთან მატჩის ანალიზი გაკეთდება. უკრაინასთან ძალიან რთულ თამაშს ველოდებით. ვეცდებით, ეს პროცესი და ეს სიტუაცია სასიკეთოდ შემოვატრიალეთ. ეს ყველაფერი ნორმალური არაა, თუმცა უპირველესად უნდა ვაღიაროთ სად ვართ, რა ეტაპზე. ჩვენ ახლა ვართ ამ რეალობის წინაშე. ამ ყველაფერზე მუშაობა დაწყებულია.
როცა მოვედი, კარგად ვიცოდი სად მოვდიოდი. ვიცოდი ყველა ის სირთული და ვიცოდი წნეხი, რაც ჩემზე წამოვიდოდა. ეს ყველაფერი ძალიან კარგად მივიღო. მზად ვარ ეს პასუხისმგებლობა მივიღო.

მართლა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს. ვინც მიცნობს, იცის რომ, ვითარების გამოსასწორებლად მართლა ყველაფერს ვაკეთებ. ეს ჩავარდნაა და ისიც ფაქტია, რომ ეს ჩავარდნა ჩემი მოსვლის შემდეგ არ დაწყებულა. რთულია, თუმცა ყველაფერი ჩვენს ხელშია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ უკეთ შეგვიძლია თამაში. დანარჩენი ყველაფერი ჩვენი საკეთებელია, როგორც ჩემი და ჩემი სამწვრთნელო გუნდის, ასევე ფეხბურთელების.
რაც შეეხება მოტივაციას, რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი მოტივაცია, როცა შენი ქვეყნის სახელით თამაშობ და ამდენი მატჩია გოლი არ გაგიტანია, მოგება არ გაქვს. ფეხბურთელებსა და ჩვენზე ძალიან დიდი წნეხია. ვცდილობთ, ამ წნეხს გავუმკლავდეთ და გავუმკლავდებით კიდეც, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ეს იქნება ჩვენი მთავარი მოტივაცია უკრაინასთან მატჩში''.
ამავე ჯგუფის მეორე მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიამ შინ უკრაინას 1:0 მოუგო.
ერთა ლიგის B ლიგის მეორე ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდია 11 ქულით პირველზეა, უნგრეთი 10 ქულით მეორეა, უკრაინა 4 ქულით მესამეა. საქართველოს ნაკრებს არც გამარჯვება მოუპოვებია და არც გოლი გაუტანია, ხუთ მატჩში 2 ქულა დააგროვა და ბოლო პოზიციაზეა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში დაუპირისპირდება (17 ნოემბერი, 23:45).
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს