ზარანდიას ვერცხლის მედალი - მერებაშვილის გუნდის შანსი გაიზარდა
Aa
Aa

ზარანდიას ვერცხლის მედალი - მერებაშვილის გუნდის შანსი გაიზარდა

პოლონეთის თასის ფინალში ლუკა ზარანდიას გდინიას ''არკა'' 1:2 დამარცხდა ვარშავის ''ლეგიასთან.'' გდინიურ გუნდს ტრავმის გამო 22 წლის ქართველი ფეხბურთელი ვერ დაეხმარა. პირველი ტაიმი ვარშავულმა გუნდმა ორბურთიანი უპირატესობით მოიგო. 71-ე წუთიდან ''არკა''  10 ფეხბურთელით ასპარეზობდა და ერთადერთი საპასუხო გოლი მე-6 დამატებულ წუთზე შეაგდო.

ლუკა ზარანდია ფინალური შეხვედრის დაწყებამდე თანაგუნდელებთან ერთად 

ფინალური შეხვედრის დაწყებამდე ზარანდიამ ოფიციალურ facebook-ის გვერდზე დაწერა: ''დღეს ჩვენ ვითამაშებთ ძალიან მნიშვნელოვან მატჩს. ''არკა'' პოლონეთის თასის ფინალში ზედიზედ მეორედ მოხვდა და ჩვენ ''ფანების'' გასახარებლად ბოლომდე დავიხარჯებით! ჩვენ ვართ დიდებული ძალა! ჩვენ ვართ არკა!''

ლუკა ზარანდიამ ''არკასთან'' ერთად 2016-17 წლების სეზონში პოლონეთის თასი მოიგო, მაგრამ გუნდმა ტიტული ვერ შეინარჩუნა. შესაბამისად დაკარგა ევროპა ლიგაზე გასვლის შანსი. ფინალში ''არკას'' მარცხის გამო ექსტრაკლასაში მე-4 ადგილზე გასული გუნდი ევროპა ლიგაზე იასპარეზებს. 33 ტურის შემდეგ გიორგი მერებაშვილის პლოცკის ''ვისლა'' 53 ქულით მე-4 ადგილზეა და ევროსაგზურის მოპოვების რეალური შანსი აქვს. ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტური რჩება. ფინალში ''არკას'' გამარჯვების შემთხვევაში პლოცკური გუნდისთვის ევროსაგზურის მოპოვების შანსი მცირე იქნებოდა, რადგან მესამეადგილოსან ''იაგიელონიას'' 4 ქულით ჩამორჩება. 2006-07 წლების შემდეგ პლოცკის ''ვისლას'' ევროტურნირზე არ უთამაშია.

შეგახსენებთ, სეზონი მერებაშვილისთვის 16 აპრილს კრაკოვის ''ვისლასთან'' შეხვედრაში დასრულდა. თბილისის ''დინამოს'' ყოფილი ფეხბურთელი მარცხენა ფეხის კუნთზე მიღებული ტრავმის გამო  მე-16 წუთზე შეცვალეს. მას ოპერაცია ფინეთის ქალაქ ტურკუში ჩაუტარდა და მოედანს ორ თვეში დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები