ყენია მოედანს უბრუნდება - პირველი ვარჯიში გუნდთან ერთად
Aa
Aa

ყენია მოედანს უბრუნდება - პირველი ვარჯიში გუნდთან ერთად

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან ყენია ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს უბრუნდება. crystalsport-ის ცნობით ''შალკეს'' ყოფილი ნახევარმცველი 5 მაისს თბილისის ''ლოკომოტივის'' პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშებს.

თბილისის ''ლოკომოტივი'' მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის აუტსაიდერია. ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა საწყის რვა ტურში მხოლოდ 1 მატჩი მოიგო. ყენიას დაბრუნება თბილისური გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამ ეტაპზე უცნობია გამოცდილი შემტევი ეროვნული ლიგის რომელ ტურში ითამაშებს. ყენიამ 2017 წლის მაისში ''ლოკოსთან'' წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ''სლავიაში'' მიღებული ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსი გრძელვადიანი გამოდგა.

ბოლო ოფიციალური მატჩი საკლუბო დონეზე

2016 წლის 18 აგვისტოს ევროპა ლიგის პლეი ოფში პრაღის ''სლავიას'' მაისურით ლევან ყენიამ ბრიუსელის ''ანდერლეხტის'' წინააღმდეგ იასპარეზა. მას შემდეგ უნიჭიერეს ქართველ ფეხბურთელს არ უთამაშია. ტრავმის გამო 2016 წელს დატოვა ჩეხური გუნდი და 2017 წელს თბილისის ''ლოკომოტივს'' დაუბრუნდა. 2008 წლის იანვარში სწორედ ''ლოკომოტივიდან'' გადავიდა გერმანულ ''შალკეში.''

ბოლო სანაკრებო შეხვედრა

2016 წლის 27 მაისს სლოვაკეთის ეროვნულმა გუნდმა ამხანაგურ მატჩში 3:1 დაამარცხა ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი საქართველო, რომლის მხრიდან ერთადერთი გოლი ყენიამ შეაგდო, რომელიც მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში და ერთადერთი საპასუხო გოლი 71-ე წუთზე გაიტანა. მას შემდეგ 27 წლის ცაციას საქართველოს ნაკრებში არ უთამაშია.

  

შეგახსენებთ, 2008-14 წლებში ''შალკეს'' შემადგენლობაში ლევან ყენიამ ტრავმების გამო ბუნდესლიგაში მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა, 2012 წელს კი გელზენკირხენული გუნდიდან წავიდა და ლვოვის ''კარპატის'' მოთამაშე გახდა, უკრაინულ კლუბში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ გერმანიაში დაბრუნდა და მეორე ბუნდესლიგის დიუსელდორფის ''ფორტუნას'' მაისური მოირგო. 2014 წლიდან პრაღის ''სლავიასთვის'' თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები