Aa
Aa

თურქმა ქომაგმა მატჩის სანახავად ამწე დაიქირავა

საფეხბურთო სამყაროში ყოველდღიურად გვხვდება ისტორიები, სადაც გულშემატკივრები საყვარელი გუნდის თამაშების სანახავად დიდ მანძილს გადიან, სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობენ და საკუთარ ცხოვრებას იმ გეოგრაფიული არეალის გარშემო აწყობენ, სადაც მათი საყვარელი კლუბი თამაშობს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია თანხები, რომლებსაც ქომაგები მატჩებზე დასასწრებად ხარჯავენ. სწორედ ესაა ერთგულება და თავდადება, რომელიც საფეხბურთო სამყაროს განუყოფელი ნაწილია.

როგორც წესი ქომაგები საყვარელი გუნდის მატჩის სანახავად ბილეთებს ყიდულობენ, თუმცა თურქეთში საკმაოდ უცნაური ფაქტი დაფიქსირდა. გულშემატკივარმა, რომელსაც "დენიზლის ათათურქის" სტადიონზე შესვლა აკრძალული ჰქონდა, თამაშის სანახავად ამწე დაიქირავა.

სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც „დენიზლის“ ქომაგი, რომელიც იამუკ ალის ზედმეტსახელითაა ცნობილი, საყვარელ გუნდს ამწედან გულშემატკივრობდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას გავრცელებული ვიდეოს ავტორმა, ფეჰმი მეტინმა განაცხადა: „ალის მხიარული ხასიათის გამო დენიზლის ყველა ქომაგი იცნობს. მატჩის მიმდინარეობისას მან სტადიონზე დამსწრე გულშემატკივართა ორგანიზებაც მოახერხა, რათა გუნდისთვის მხარი უკეთ დაეჭირათ“.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით „დენიზლისპორის“ გულშემატკივარს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია აქვს. ალის გუნდმა „გაზიანთეფესპორი“ 5-0 გაანადგურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები