„ჩავედი და ერთ კვირაში ომი დაიწყო“ - კოკოშკოვმა საქართველოში გატარებული დრო გაიხსენა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა ერთ-ერთ Youtube-არხზე სტუმრობისას საქართველოს ნაკრებში გატარებული დრო გაიხსენა.
„მენტალიტეტით ჩვენ და ქართველები ერთმანეთს ძალიან ვგავართ. იგივე რელიგია, იგივე ტემპერამენტი... ეკონომიკურად და პოლიტიკურად ქვეყანა გარდამტეხ პერიოდს გადიოდა. ნაკრები B დივიზიონში იყო, რაც ყველაფერს ეტყობოდა - სასტუმროებს, მოგზაურობას, ორგანიზებას... პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან დიდ ენტუზიაზმს ვხედავდი, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება ძალიან მცირე იყო. ვიცოდით, რომ ეს მიდგომა ჩვენ თვითონ უნდა შეგვეცვალა.
გავიარეთ B დივიზიონის კვალიფიკაცია... ახლა ეს მარტივი ჩანს, მაგრამ ყველაზე რთული ამ პროცესის დაწყება იყო. საქართველოში ჩემი ჩასვლიდან რამდენიმე დღეში ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა და ომი დაიწყო... ხალხი პანიკამ მოიცვა... ჩემი ასისტენტი ამერიკელი ჯეისონ სტაუდტი იყო. სასტუმროს ნომერში ვისხედით და აშშ-ის საელჩოში ვრეკავდით, რათა ამერიკის მოქალაქეების ევაკუაციის შემთხვევაში ჩვენც წავეყვანეთ (მე სერბეთის მოქალაქე ვიყავი, მაგრამ მწვანე ბარათი მქონდა). დაბომბვა რა იყო, ბელგრადიდან მოყოლებული კარგად ვიცოდი, ამიტომ ჯეისონს ვამშვიდებდი.
პრეზიდენტმა ქალაქიდან გაგვიყვანა და ვიცე-პრეზიდენტის აგარაკზე დაგვაბინავა, შემდეგ კი ფედერაციამ თვითმფრინავით კიევში გაგვიშვა. შეკრების ნაწილი უკრაინაში გავიარეთ, ბოლოს კი თურქეთში ჩავფრინდით. ეს ყველაფერი პირველ სეზონში მოხდა. შემდეგ კვალიფიკაცია გავიარეთ და A დივიზიონში აღმოვჩნდით, სადაც გაცილებით ძლიერი მეტოქეები გველოდებოდა.
საკუთარ თავს ვეკითხებოდი - აქ როდემდე გავჩერდები? თუმცა ჯერ A დივიზიონში სათამაშოდ დავრჩი, შემდეგ პირველად მოვხვდით ევრობასკეტზე... ასე გავიდა 8 წელი. B დივიზიონიდან A დივიზიონში და შემდეგ სამ ევრობასკეტზე, სადაც ყოველ ჯერზე მეორე რაუნდში გავდიოდით. ევროპის 10-12 საუკეთესო გუნდს შორის ვიყავით - ეს შესანიშნავი დრო იყო. საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს და ამ ქვეყანასთან მხოლოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს. ეს ძალიან კარგი გამოცდილება იყო“.
ცნობისთვის, კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებს 2008–2015 წლებში წვრთნიდა.