გვილიამ პენალტი ვერ გაიტანა - ''ბაზელის'' ჰეგემონია დასრულდა
შვეიცარიის სუპერლიგის 32-ე ტურში ''იანგ ბოიზმა'' შინ 2:1 დაამარცხა ''ლუცერნი,'' რომლის სასტარტო შემადგენლობას ქართველი ფეხბურთელი ვაკო გვილია დაუბრუნდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელისთვის წარუმატებელი მატჩი გამოვიდა, რადგან 76-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა. ''იანგ ბოიზის'' 35 წლის გამოცდილმა მეკარე მარკო ვიოლფლიმ მოახერხა მოგერიება, რის შემდეგაც ბურთი კარის ძელს მოხვდა.
გვილიას რომ თერთმეტმეტრიანი გამოეყენებინა, ანგარიში ''ლუცერნის'' სასარგებლოდ 1:2 გახდებოდა. მე-80 წუთზე ქართველი მოთამაშე შეცვალეს. 89-ე წუთზე ''იანგ ბოიზმა'' გამარჯვების გოლი გაიტანა და კლუბი შვეიცარიის ჩემპიონი გახდა. სუპერლიგის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ''იანგ ბოიზმა'' 16 ქულით გაასწრო მეორეადგილოსან ''ბაზელს.''
სუპერლიგის უკანასკნელი რვა სეზონის გამარჯვებული ''ბაზელია.'' ''იანგ ბოიზმა'' 32-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. ''ბაზელის'' რვაწლიანი ჰეგემონია დასრულდა.
10-გუნდიან სუპერლიგაში ''ლუცერნი'' 46 ქულით მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსან ''ბაზელს'' 13 ქულით ჩამორჩება. 32-ე ტურში მეოთხეადგილოსანი ''სტ. გალენი'' ''ლუგანოს'' ესტუმრება. თუ ''სტ. გალენმა'' გაიმარჯვა, ''ლუცერნი'' მეოთხე ადგილზე დაქვეითდება.
პოლონეთის ექსტრაკლასას 33-ე ტურში ''პოგონმა'' შინ 2:0 დაამარცხა ''სანდეცია.'' გამარჯვებულთა შემადგენლობაში ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ლაშა დვალმა 90 წუთი ითამაშა. 77-ე წუთზე დვალმა ყვითელი ბარათი მიიღო. ექსტრაკლასას მეორე ექვსეულში ''პოგონი'' 38 ქულით მესამე ადგილზეა.

ყაზახეთის პრემიერლიგაში ''ქაისარისა'' და ''ორდაბასის'' შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. ჯაბა ჯიღაური ''ორდაბასის'' სასტარტო თერთმეტეულში კვლავ ვერ მოხვდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი 79-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. 12-გუნდიან პრემიერლიგაში ''ორდაბასი'' და ''ტობოლი'' 13-13 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ. ''ტობოლი'' 29 აპრილს ლიდერ ''ასტანას'' შეხვდება.