რობინიოს შვილი სერია A-ში - კონტრაქტი უკვე გაფორმდა
წარსულში ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელის, რობინიოს შვილი კარიერას იტალიის სერია A-ში განაგრძობს. 18 წლის რობინიო-ჯუნიორი უკვე ჩავიდა ლიგურიის დედაქალაქში და „ჯენოასთან“ ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის დასრულების შემდეგაც გენუელებს „სანტოსიდან“ სამხრეთ ამერიკელის სატრანსფერო უფლებების სრულად გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
რობსონ დე სოუზას შვილი ამპლუით მამის მსგავსად შემტევი ტიპის ნახევარმცველია და როგორც ამბობენ, საჭიროების შემთხვევაში ორივე ფლანგზე თანაბარი წარმატებით ასპარეზობა შეუძლია. გაუპატიურების ბრალდებით მამის დაპატიმრების გამო, რობინიო-ჟუნიორი საკმაოდ რთულ ფსიქოლოგიურ პირობებში გაიზარდა, რადგან თანატოლებისგან განსხვავებით სოციალურ ქსელშიც ნაკლებად აქტიურობდა, თუმცა რთულ დროს „სანტოსმა“ მას მხარდაჭერა გამოუცხადა და მამის დანაშაულის გამო არ გაურიყავთ.
ცნობისათვის, ბავშვობიდანვე რობინიოს შვილის ნამდვილი კერპი ნეიმარი იყო, თუმცა რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ერთ-ერთი ვარჯიშისას მას ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა, ნეიმარი ძალიან გაუბრაზდა, წააქცია და სილა გააწნა, თუმცა მოგვიანებით, ერთ-ერთ შეხვედრაში გატანილი გოლი ნეიმ სწორედ რობინიო-ჟუნიორს მიუძღვნა და დანაშაული გამოისყიდა.