ნეიმარისა და რობინიოს შვილის ინციდენტი | სანტოსის განცხადება და 48-საათიანი ვადა
„სანტოსის“ ფეხბურთელებს, ნეიმარსა და რობინიო ჟუნიორს (რომელიც ცნობილი მოთამაშის, რობინიოს შვილია), ვარჯიშისას ინციდენტი მოუვიდათ. რობინიო ჟუნიორმა თანაგუნდელს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა, რის შემდეგაც ნეიმარმა ის წააქცია და კი სილა გააწნა.
Globo-ს ინფორმაციით, რობინიო ჟუნიორმა „სანტოსს“ მოთხოვნები წაუყენა, რომელთა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მზადყოფნა გამოხატა, სასამართლოს მიმართოს. მოთხოვნების სია ასეთია: შიდა გამოძიების დაწყება; ინციდენტის მონაწილე მხარეებისთვის ვარჯიშის ამსახველი კადრების მიწოდება; კლუბის ოფიციალური განცხადება იმ ზომებზე, რომლებსაც მომხდართან დაკავშირებით მიიღებს და შეხვედრა კონტრაქტის შესაძლო გაწყვეტის განსახილველად
კლუბისთვის გაგზავნილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუ „სანტოსი“ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, ეს შეფასდება, როგორც „სახელშეკრულებო ნდობის დარღვევა“ და „სამუშაო ადგილზე უსაფრთხო გარემოს შექმნის ვალდებულების შეუსრულებლობა“, რამაც შესაძლოა, კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტაც განაპირობოს. Globo-ს მიხედვით, ახალგაზრდა ფეხბურთელის წარმომადგენლები მზად არიან, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სასამართლოს მიმართონ და კონტრაქტის გაწყვეტის გარდა, მორალური და მატერიალური ზიანის კომპენსაციაც მოითხოვონ. კლუბს რეაგირებისთვის 48 საათი აქვს.
ბრაზილიურმა გამოცემამ დოკუმენტზე წვდომა მოიპოვა. მასში ნათქვამია, რომ ნეიმარმა რობინიო ჟუნიორს „შეურაცხყოფა მიაყენა“, „ფეხი დაუდო“ და „სახეში ძლიერად გაარტყა“. რამდენიმე საათის წინ „სანტოსმა“ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და დაწერა, რომ გამოძიება დაიწყო.
ცნობილი გამოცემის, R7 Esportes-ის ინფორმაციით, რობინიოს შვილის ქმედებების გამო, „სანტოსის“ ფეხბურთელები მას გათამამებულ ბავშვად მიიჩნევენ. მათი აზრით, მომხდარის გასაჯაროებით 18 წლის მოთამაშე ყველანაირ საზღვარს გასცდა.