უეფამ შესაძლოა შვეიცარიაში ინფანტინოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის სარჩელი შეიტანოს
უეფა განიხილავს შვეიცარიაში ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით სარჩელის შეტანის შესაძლებლობას, რაც მსოფლიო ჩემპიონატის უფლებების გაყიდვის მის გეგმას უკავშირდება. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.
ფიფას განზრახვა ივლისში გახდა ცნობილი - შეექმნა FIFA Forward Enterprise (FFE) - ახალი კომერციული სტრუქტურა ტურნირებზე, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატზე, უფლებების კერძო ინვესტორებზე გასაყიდად. უეფამ ფიფას ტურნირებს ბოიკოტი გამოუცხადა, რის გამოც საბოლოოდ ამ იდეაზე უარი ითქვა.
აშშ-ის სასამართლოში უეფას იურისტების მიერ შეტანილ მიმართვაში ნათქვამია, რომ ფიფას ტურნირების 20-პროცენტიანი წილის 4,2 მილიარდ დოლარად გაყიდვის გეგმა მიუთითებდა „აბსურდულად დაბალ“ თანხაზე, „რაც არ ყოფილა ღია კონკურენტული აუქციონის შედეგი და არ შემოწმებულა დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ“.
„უეფა და მისი იურისტები განიხილავენ შვეიცარიაში ინფანტინოს და, შესაძლოა, ფიფას სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით სარჩელის შეტანის შესაძლებლობას დანაშაულებრივი არაჯეროვანი მართვის გამო, შვეიცარიის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად, ასევე სხვა ან ალტერნატიული ბრალდებებისთვის, რომლებიც საქმის არსებული ფაქტობრივი გარემოებებით შეიძლება დადასტურდეს.
არსებული ინფორმაციით, ინფანტინოს ქმედებები, რომლებიც წინამდებარე დოკუმენტშია აღწერილი, დანაშაულებრივი არაჯეროვანი მართვის დონეს აღწევს. თუმცა, შვეიცარიის კანონმდებლობა უეფას ან მის წევრ ასოციაციებს არ ავალდებულებს, სისხლის სამართლის წარმოების დაწყებამდე საქმის არსებითი წარმატების ალბათობა დაამტკიცონ“,
- ნათქვამია 56-გვერდიან დოკუმენტში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მსგავსი სისხლის სამართლის დანაშაულები შესაძლოა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდეს.
სასამართლო დოკუმენტებში ასევე მოცემულია მოთხოვნა, რომ სასამართლომ დონალდ ტრამპის სიძის ძმის, ჯოშუა კუშნერის ფონდ Thrive Capital-ს დაავალდებულოს პროექტ FFE-სთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტისა და ელექტრონული მონაცემის გასაჯაროება, ასევე Thrive-ისა და კუშნერის წარმომადგენლების სასამართლოში ჩვენების მისაცემად დაბარება.
სასამართლო დოკუმენტებში ნახსენებია, რომ „ინფანტინო და მისი დამქაშები“ ფიფას 211 წევრ ასოციაციას ფინანსურ წახალისებას სთავაზობდნენ მისი გეგმის მოკლე დროში მხარდაჭერისთვის - 40 მილიონ დოლარს ოთხი წლის განმავლობაში, ან 75 პროცენტით ნაკლებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეთავაზებულ სქემას უარყოფდნენ.