შეხვედრა არსენალსა და ატლეტიკოს შორის | ფაბრიციო ხულიან ალვარესზე წერს
„არსენალმა“ „ატლეტიკოს“ თავდამსხმელის, ხულიან ალვარესის გაფორმება სცადა. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული სატრანსფერო ექსპერტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს და დეტალების შესახებაც წერს.
რომანოს მიხედვით, „მეთოფეები“ „როხიბლანკოსს“ დაუკავშირდნენ და ალვარესის ტრანსფერის პირობები განიხილეს. მხარეებს შორის ლონდონში შეხვედრაც გაიმართა, რომელსაც „ატლეტიკოს“ დირექტორი, მატეუ ალემანი დაესწრო.
რომანოს ცნობით, „ატლეტიკოს“ მიერ მოთხოვნილი თანხა „არსენალისთვის“ ძალიან მაღალია. გარდა ამისა, ხულიანს ინგლისში დაბრუნებაზე თანხმობა არასდროს უთქვამს და კვლავინდებურად „ბარსელონაში“ გადასვლა სურს. „არსენალმა“ ნიადაგი მოსინჯა და უბრალოდ სცადა, თუმცა, როგორც ჩანს, არაფერი გამოუვიდა.
ცნობისთვის, ალვარესი „ბლაუგრანას“ მთავარი სამიზნეა, თუმცა კატალონიელებს მისი ტრანსფერის დახურვის იმედი პრაქტიკულად აღარ აქვთ. „ბარსელონას“ ალტერნატივა ლაუტარო მარტინესია, თუმცა „ინტერი“ არგენტინელი თავდამსხმელის გაშვებას არ აპირებს.