რისკზე წასვლას არ ვაპირებთ | რასინგის მწვრთნელი გულიაშვილზე
„რასინგის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ალბერტომ, „ხეტაფესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. 44 წლის სპეციალისტმა, რომელიც გუნდს 2022 წლის დეკემბრიდან წვრთნის, გიორგი გულიაშვილზე მოკლე კომენტარი გააკეთა.
ხოსე ალბერტო: „იასირ ზაბირის ვირუსული პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ახლა კარგადაა და მზადაა. გულიაშვილმა რეაბილიტაციის ძალიან კარგი პროცესი გაიარა, თუმცა მასთან დაკავშირებით რისკზე წასვლას არ ვაპირებთ — ის გუნდს თანდათან უერთდება.“
როგორც Cadena SER-ი იუწყება, დღეს „რასინგის“ ვარჯიშში მონაწილეობდა გიორგი გულიაშვილი, რომელიც საერთო ჯგუფს ოთხშაბათს დაუბრუნდა. სესიის დასრულების შემდეგ ის კლუბის სარეაბილიტაციო მწვრთნელთან ინდივიდუალურ სამუშაოს ასრულებდა.
24 წლის ფეხბურთელმა, რომელიც გასულ ზამთარში „სარაევოდან“ 3 მილიონ ევროდ „რასინგში“ გადავიდა, ლა ლიგა 2-ის სეზონის მიწურულს, 16 მაისს, „ვალიადოლიდთან“ მატჩში ტრავმა მიიღო. მას მარჯვენა ფეხის მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა. ოპერაცია მაისის მიწურულს ჩაუტარდა, რეაბილიტაციის კურსი გაიარა და მიმდინარე კვირაში გუნდურ ვარჯიშში ჩაერთო.
მიუხედავად იმისა, რომ კლუბს სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა და წინასასეზონო შეკრება არ გაუვლია, „რასინგს“ კარგად შეეწყო. ამაზე მისი სტატისტიკაც მეტყველებს: ლა ლიგა 2-ის 17 მატჩში (1 131 წუთი) 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.