მიქაუტაძის გამოსასყიდი თანხა 30 პროცენტით გაიზარდა | AS დეტალებზე წერს
გიორგი მიქაუტაძეს დიდი ხანია „ბარსელონას“ უკავშირებენ. „ბლაუგრანა“ ცენტრალურ თავდამსხმელს ეძებს და მისი მთავარი სამიზნე ხულიან ალვარესი იყო, თუმცა არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერი პრაქტიკულად გამოირიცხა. „ბარსა“ ალტერნატივებზე გადაერთო და მიქაუტაძეც განიხილა, რაზეც ესპანურმა AS-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.
„გავრცელებული ჭორების მიუხედავად, რომელთა მიხედვითაც გიორგი მიქაუტაძით „ბარსელონა“ და სხვა კლუბები ინტერესდებიან, „ვილიარეალს“ არავინ დაკავშირებია. სეზონის ამ ეტაპზე „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ პოზიცია აშკარაა: ქართველი ფეხბურთელის წასვლა კლუბის ამჟამინდელ გეგმებში არ შედის. შესაბამისად, წინადადების მიღების შემთხვევაში, „ვილიარეალის“ ბერკეტი მიქაუტაძის კონტრაქტში არსებული გამოსასყიდი თანხის პუნქტი იქნება.
15 აგვისტოს მიქაუტაძის გამოსასყიდი თანხა 30 პროცენტით გაიზარდა. 14 აგვისტოს მისი შეძენა 60 მილიონ ევროდ იყო შესაძლებელი, ახლა კი ქართველი ფეხბურთელის ფასი 78 მილიონი ევროა. კონტრაქტში ჩადებული ეს პუნქტი ავტომატურად ამოქმედდა. რეალურად, „ვილიარეალის“ ყველა ფეხბურთელის ხელშეკრულებაშია ასეთი პუნქტი — განსხვავება მხოლოდ თანხის ოდენობა და ვადებია“, — წერს AS.
ცნობისთვის, მიქაუტაძეზე სპორტულ გადაცემა El Chiringuito de Jugones-შიც ისაუბრეს და ჟურნალისტმა, მარკოს ბენიტომ განაცხადა, რომ „ბლაუგრანა“ მის წარმომადგენლებს ნამდვილად დაუკავშირდა. მისი თქმით, მთავარი პრობლემა „ვილიარეალის“ მოთხოვნაა, რომელსაც მიქაუტაძის სანაცვლოდ 70 მილიონი ევროს მიღება სურს, რაზეც „ბარსელონამ“ უარი თქვა.