გაგუას გოლი და ასისტი - ქართველი შემტევი კარგ ფორმაშია
სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში, გიორგი გაგუას და ცოტნე კაპანაძეს „დუნაისკა სტრედა“ სტუმრად „კომარნოს“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.
გიორგი გაგუა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, კაპანაძე კი მატჩში 37-ე წუთზე, ტრავმირებული თანაგუნდელის მაგივრად ჩაერთო. გიორგი გაგუას გამორჩეული მატჩი ჰქონდა. 24 წლის ფორვარდმა 65-ე წუთზე გოლი გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა, 72-ე წუთზე კი ასისტი შეასრულა და რამადანს გაატანინა.
ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში პირველად გაიტანა, თუმცა საგოლე გადაცემა მისთვის მეორე იყო. ამასთან, ამ სეზონში გაგუამ უკვე შეძლო გოლის გატანა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.
4 ტურის შემდეგ „დუნაისკა სტრედა“ სლოვაკეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-4 ადგილზეა, თუმცა კონკურენტებთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული. ქართველების გუნდი მომდევნო შეხვედრას 19 აგვისტოს, სლოვაკეთის თასზე „სვატი პეტერის“ წინააღმდეგ გამართავს.