ბარსელონას შემდეგ ნიდერლანდების ნაკრებში - ჩავიმ კუმანი შეცვალა
ჩავი ერნანდესი ნიდერლანდების ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ამ პოზიციაზე რონალდ კუმანი შეცვალა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ერნანდესმა „ბარსელონაშიც“ კუმანის წასვლის შემდეგ ჩაიბარა დამრიგებლის პოსტი და ახლაც ზუსტად ასეთივე ვითარებაში უწევს ახალი თავგადასავალის დაწყება.
ესპანელ სპეციალისტთან კონტრაქტი 2030 წლის ბოლომდე გაფორმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას „ნარინჯისფერების“ მომზადება არამხოლოდ ევროპის 2028 წლის პირველობისთვის, არამედ მომდევნო მუნდიალისთვისაც მოუწევს. ნიდერლანდების ნაკრების ამჟამინდელი წევრებიდან ჩავი ყველაზე კარგად ფრენკი დე იონგს იცნობს, რომელიც „ბარსაში“ მისი მუშაობის პერიოდში გუნდის საკვანძო ფიგურად ითვლებოდა, თუმცა ფრენკი ნაკრებს სექტემბრის მატჩებში ვერ დაეხმარება, რადგან მძიმე ტრავმის გამო რამდენიმეთვიანი მკურნალობა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით ნიდერლანდების ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებლად იასპარეზა და ტურნირს 1/16-ფინალში მაროკოსთან თერთმეტმეტრიანების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშა. ჩავის ბოლო სამუშაო ადგილი კი, მშობლიური „ბარსელონა“ იყო, რომელსაც თითოჯერ ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოაგებინა. მთლიანობაში კი მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 142 მატჩიდან „ბლაუგრანამ“ 89-ში გაიმარჯვა, 24 ფრედ დაასრულა და 29 წააგო.