“ყველაფერი მომეწონა“ - მოურინიომ პირველი მატჩი შეაფასა
მადრიდის „რეალმა“ წინასასეზონო ამხანაგურ შეხვედრაში „ფიორენტინასთან“ 2:2 ითამაშა. მატჩი ჟოზე მოურინიოსთვის „სამეფო კლუბში“ დაბრუნების შემდეგ პირველი იყო, რის შემდეგაც პორტუგალიელმა სპეციალისტმა RMTV-თან ისაუბრა.
პირველი ამხანაგური მატჩის შეფასება:
„ყველაფერი მომეწონა. გასახდელში რომ შევედი, ტელეფონში წავიკითხე სათაური — „ორპირი რეალი“. სინამდვილეში ეს სამსახიანი „რეალი“ იყო: ახალი ძალებით სავსე, დაღლილი და უკიდურესად დაღლილი. ახალგაზრდა და ენერგიულმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. პირველი ტაიმის შემდეგ 2:1 ძალიან მცირე ანგარიში იყო იმ ხარისხის თამაშისთვის, რაც ვაჩვენეთ. პირველი ნახევარი გამორჩეული იყო.
მეორე ტაიმში თამაში უფრო ფიზიკური გახდა. მეტოქე ტიპური იტალიური გუნდი იყო, რომელმაც დიდი ზეწოლა მოახდინა. შემდეგ მოიზე კინმა საჯარიმოში ორი 18 წლის ფეხბურთელის წინააღმდეგ ითამაშა. მათ ფანტასტიკური მატჩი ჩაატარეს, თუმცა კინი განსაკუთრებული დონის თავდამსხმელია.
მომეწონა ის ფეხბურთელებიც, რომლებიც უკვე უკიდურესად დაღლილები იყვნენ, მაგრამ მაინც შეძლეს თამაშის კონტროლი. დუმფრისმა და ენდრიკმა მხოლოდ სამი დღე ივარჯიშეს, თუმცა 70 წუთზე მეტი ითამაშეს. ეს დიდი ძალისხმევაა და ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მთლიანობაში ყველაფერი მომეწონა. გროსოსაც მადლობა გადავუხადე,“ — განაცხადა მოურინიომ.
„ეს არის „რეალი“ იმ ფეხბურთელებით, რომლებიც ამ ეტაპზე გვყავს. მატჩამდე ბიჭებს ვუთხარი, რომ „რეალი“ ყოველთვის „რეალია“, თუნდაც ამხანაგურ შეხვედრაში. პროგრესზე უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ღირსებაც უნდა შევინარჩუნოთ.
ვთამაშობდი იმ ფეხბურთელებით, ვინც ხელმისაწვდომი იყო — ტრენტით, დუმფრისით... ჩვენ მხოლოდ ერთი მატჩისთვის არ ვემზადებით. გუნდი მოედანზე კარგად ხვდება, რა უნდა გააკეთოს.”
შეგახსენებთ, რომ რეალი უახლოეს პერიოდში კიდევ 3 ამხანაგურ მატჩს გამართავს. 8 აგვისტოს ფერენცვაროშთან, 12-ში დეპორტივოსთან, ხოლო 16 აგვისტოს შალკესთან.
ბლანკოსი ლა ლიგის პირველი ტურის მატჩს 22 აგვისტოს, სტუმრად ესპანიოლის წინააღმდეგ ჩაატარებს.