რეკორდულად მოკლე დროში - ზიდანის ეფექტი
ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით საფრანგეთის ფეხბურთელთა ნაკრებს ჯერ სადებიუტო მატჩი არ ჩაუტარებია, თუმცა ფრანგული და მთლიანად მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის „სამფეროვნების“ მესაჭედ დანიშვნა უკვე ნათლად იგრძნობა, რაც ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტითაც დაფიქსირდა.
როგორც უკვე იცით, „ზიზუს“ დებიუტი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2 ოქტომბერს, ერთა ლიგაში იტალიის ეროვნულ გუნდთან საშინაო მატჩში უნდა შედგეს, რომელზე დასასწრები ბილეთების გაყიდვაც 31 ივლისს დაიწყო და მეორე დღეს სრულად რეალიზება მოხერხდა. აქვე გეტყვით, რომ თამაშს „სტად დე ფრანსმა“ უნდა უმასპინძლოს, რომლის ტრიბუნებიც 80 ათას გულშემატკივარს იტევს.
ზიდანმა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას „სამფეროვნების“ ევროპის 2028 და მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატებისთვის მომზადება დაევალება. აქვე გეტყვით, რომ ზიზუ „რეალს“ ორჯერ 2016-2018 და 2019-2021 წლებში ამზადებდა. ის ერთადერთი მწვრთნელია ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო.